ქართული ოცნება

ბესელიას თქმით, ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა სიის დაჩქარებულ განხილვას ითხოვდა

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიის გამო დატოვა. ბესელიამ TV პირველის ეთერში თქვა, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომის წლის ბოლო სამუშაო დღეს დანიშვნა მოსთხოვა. მისი ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს მოსამართლეთა სიის მხარდაჭერა და საკითხის სესიაზე იმავე დღეს გატანა სურდა. ბესელია აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა სია პარლამენტში წლის ბოლოს მოულოდნელად შევიდა.

"იყო მოთხოვნა, რომ მე როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, უნდა დამენიშნა სხდომა პარასკევს, წლის ბოლო სამუშაო დღეს, კომიტეტის სხდომის წესრიგში უნდა ჩამესვა ეს საკითხი, და ის იმავე დღეს უნდა გასულიყო სესიაზე.

პირდაპირ გეტყვით, რომ პარასკევს სხდომის ჩანიშვნის იდეა იყო ჩემთვის მოწოდებული იყო ირაკლი კობახიძის მხრიდან. მას მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევსვე, ამ სიის მხარდაჭერა და იმავე დღეს სესიაზე ამ სიის გატანა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ" - ამბობს ბესელია და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ირაკლი კობახიძეს რამდენჯერმე ესაუბრა.

"სხდომის გამართვის პრინციპული წინააღმდეგი ვიყავი, მე ვესაუბრე ირაკლი კობახიძეს, მათ შორის ცალკე და ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა, მას ჰქონოდა ასეთი პოზიცია. არ შეიძლება, ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი ასეთი ფორმით გადაწყდეს. ასევე სხვა შეხვედრაზე იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე [ბიძინა ივანიშვილი], არ მინდა დეტალებზე საუბარი, მაგრამ იქაც გამოვთქვი ჩემი პოზიცია" - თქვა დეპუტატმა.

ეკა ბესელიამ TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს სამშაბათს ესაუბრა, ხოლო ოთხშაბათს გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

"შეჩერდა ეს პროცესი, პირველი ბარიერი ვიყავი მე, თუმცა ჩემ გარდა, ჩემს კოლეგებს, ვისაც ჩემსავით პრინციპული პოზიცია აქვთ, მინდა მადლობა ვუთხრა - ჩემს კომიტეტში გედი ფოფხაძეს, რუსლან პოღოსიანს, ლევან გოგიჩაიშვილს. ასევე, არაკომიტეტის წევრებს ჰქონდათ სიასთან დაკავშირებით შეუთავსებლობა, მიუღებლობა და ამბობდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში ასეთ მოსამართლეებს მხარს არ დაუჭერდნენ.

მე ვარ ადამიანი, ვინც თავის დროზე პოლიტიკაში აღმოჩნდა იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მართლმსაჯულება. 2006 წელს იმაზე უფრო კომფორტულ კაბინეტზე ვთქვი უარი, ვიდრე ახლა ბატონი კობახიძეა შესული - ვიყავი ადვოკატი, მქონდა ჩემი კომპანია, ძალიან კომფორტული გარემო, თავისუფლება, მაგრამ არ მქონდა სასამართლო. ქუჩაში გავედით მე და ჩემი მეგობრები, ბევრი ადამიანი ვიბრძოდით, მაგრამ მათგან, ვინც დღეს ღიად გვიპირისპირდება ამ პოზიციის გამო, არავინ ყოფილა იმ ბრძოლაში. 2016 წელს ძალიან ადვილია, გამარჯვებულ გუნდთან მიხვიდე" - ამბობს ბესელია.

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 27 დეკემბერს დატოვა. მან გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაუკავშირა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებაზე თქვა, რომ "გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს". 

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე დაასახელა, თუმცა, ფრაქცია ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს. ამის მიზეზად დეპუტატებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის "პროცედურული დარღვევებით დანიშვნა" და "შეუთანხმებელი კანდიდატურა" დაასახელეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო გახდა.

მოსამართლეები მიმდინარე სესიაზე უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა 26 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიმდინარე სესიაზე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.  

კომენტარები