აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ აშშ-ს ძალების სირიიდან გაყვანის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება თურქეთის მხრიდან თანხმობა, რომ აშშ-ის მოკავშირე ქურთულ ძალებს დაიცავს.
"ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ თურქეთმა უნდა განახორციელოს ისეთი სამხედრო ქმედება, რაც, როგორც მინიმუმ, აშშ-სთან სრულად შეთანხმებული არ არის, რათა ჩვენს სამხედრო ძალებს საფრთხე არ შეექმნათ. ამასთანავე, მათ უნდა დააკმაყოფილონ პრეზიდენტის მოთხოვნა რომ საფრთხე არ შეექმნათ სირიის ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ჩვენს მხარდამხარ იბრძოდნენ." თქვა მან.
ბოლტონი ისრაელს და თურქეთს ეწვევა. მისი თქმით თურქეთში ოფიციალურ შეხვედრებზე, მათ შორის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ყურადღებას სწორედ ქურთული დანაყოფების უსაფრთხოებაზე გაამახვილებს.
ბოლტონის თქმით ამ საკითხზე შეთანხმებამდე აშშ-ის ძალების სირიიდან გასვლა არ დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გამოჰყავს. ტრამპის თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია, და დროა ამერიკელი ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ის პარტნიორების მხრიდან, ასევე ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგანაც. თანამდებობა დატოვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა.
აშშ-ის სპეციალური ოპერაციების დანაყოფები ძირითადად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მოკავშირესთან, სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში იყო განთავსებული. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომელიც ქურთებისა და არაბებისაგან შედგება, ქურთისტანის მუშათა პარტიის დანაყოფად მიიჩნევს და ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს ახალი სამხედრო ოპერაცია სირიაში, რის შემდეგაც პენტაგონისაგან გაფრთხილება მიიღო, რომ რომელიმე მხარი მიერ სირიის ჩრდილოეთში ცალმხრივი ქმედებები, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებს საფრთხეს შეუქმნის, მიუღებელია.
თურქეთმა უკვე განახორციელა სამხედრო ოპერაციები ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ძირითადად ქურთი მებრძოლებით დაკომპლექტებული "სახალხო დაცვის შენაერთების" წინააღმდეგ, თუმცა ამ დრომდე ევრფატის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ძალებიც იყო განთავსებული, ოპერაციებისაგან თავს იკავებდა.