უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

რა წერია უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსში - ქართული თარგმანი

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ხელს აწერს უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსს

დღეს, 5 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი ოფიციალურად მოაწერა. 

რა წერია უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსში - ტაბულა ტექსტს ქართულ ენაზე გთავაზობთ. თარგმანი დავით ჩიკვაიძისა. 

საპატრიარქო და სინოდური ტომოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო სტრუქტურისათვის ავტოკეფალიის ბოძების შესახებ.

ბართოლომეოსი, ნებითა ღმრთისაითა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი,

„მიადექით სიონის მთას... და პირმშოთა ეკლესიას“ (ებრ. 12: 22-23), ბრძანებს მოციქული ერთა, ნეტარი პავლე; და მართლაც, ეკლესია მთაა, რამეთუ არის მძლავრი და მტკიცე,უძლეველი და ურყევი. თუმცაღა ერთი სამწყსო და ერთი სხეული ქრისტესი, რომელიც იწოდება საღმრთო ეკლესიად და ყველგან ამოწმებს მართლმადიდებელ რწმენას, ერთობას სულისა წმიდისა მიერ და განუხრელ დაცვას სამოციქულო მემკვიდრეობისა და კანონიკური წესრიგისა, მოციქულთაგან მომდინარე დროიდან შედგება ეკლესიებისაგან, რომლებიც განფენილი არიან სხვადასხვა მიწებსა და ქვეყნებში, რომლებსაც გააჩნიათ შინაგანი თვითმმართველობა მწყემსმთავრებისა და მოძღვრებისა მიერ, და ქრისტეს სახარების მსახურთა მიერ და რომლებიც განპირობებულია არა მხოლოდ მსოფლიოს ქალაქებისა თუ ქვეყნების ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამედ განსაკუთრებული სამწყსო აუცილებლობის გათვალისწინებით.

ამდენად, რამდენადაც კეთილპატიოსანმა და ღმრთივდაცულმა უკრაინის ქვეყანამ, რომელიც განმტკიცებულია და აღვსილია მაღალი აზრით, მიიღო თავისი სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა და რომლის სახელმწიფო და საეკლესიო მმართველები უკვე თითქმის ოცდაათი წელია თავის ხალხთან ერთად მხარდამხარ მხურვალედ ითხოვენ საეკლესიო თვითმმართველობას, კონსტანტინოპოლის უწმიდესი სამოციქულო საყდრისადმი მათ ძველ თხოვნათა მსგავსად, რომელიც მრავალსაუკუნოვანი კანონიკური გადმოცემის თანახმად მოვალეა იზრუნოს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიებზე, რომლებსაც ამის საჭიროება გააჩნიათ, ხოლო უმეტესად კი მათზე, რომლებიც მათთან მუდამ იყვნენ კანონიკურად დაკავშირებულნი, - მაგალითად კიევის ისტორიული სამიტროპოლიტო, სადაც ჩვენს ომოფორქვეშ იყვნენ ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტები და ყოვლადპატიოსანნი სულისა წმიდისა მიერ ძმანი და თანამსახურნი ჩვენნი, - ქრისტეს დიდი ეკლესიის მართლმადიდებლურ სამყაროზე ზრუნვის ვალდებულების გამო ადგილობრივ ეკლესიებში მუდმივი სქიზმისა და განხეთქილების საფრთხის კურნებისათვის, ერთსულოვნად განვაჩინებით და ვაცხადებთ, რომ მთელი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც იმყოფება პოლიტიკურად ჩამოყალიბებული და სრულად დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს საზღვრებში, თავის ყველა სამიტროპოლიტოსთან, სამთავარეპისკოპოსოსთან, საეპისკოპოსოსთან, მონასტრებთან, სამრევლოებთან და სხვა საეკლესიო დაწესებულებებთან ერთად, რომლებიც არსებობენ ღმერთკაცი უფლისა და მხსნელისა ჩვენისა, იესუ ქრისტეს მიერ დაფუძნებული ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის საფარველქვეშ, იქმნას ამიერიდან კანონიკურად ავტოკეფალური, დამოუკიდებელი და თვითმმართველი, ეყოლება რა პირველიერარქი საეკლესიო საქმეებში და აღიარებული ყოველთაგან კანონიკური წინამძღოლი, რომელსაც ექნება ტიტული „უნეტარესი მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა“, - არაა ნებადართული ამ ტიტულში რაიმე ცვლილების შეტანა კონსტანტინოპოლის თანხმბის გარეშე, - იგი არის თავმჯდომარე წმინდა სინოდისა, რომელიც მოწვეულ იქნება ყოველწლიურად რიგითობით და უპირატესობის გათვალისწინებით იმ მღვდელმთავართაგან, რომლებსაც გააჩნიათ ეპარქიები უკრაინის გეოგრაფიულ საზღვრებს შიგნით. ამრიგად, ამ ქვეყანაში საეკლესიო საქმეთა გაძღოლა, როგორც ამას განაჩინებენ საღმრთო და წმინდა კანონები, აღსრულდება თავისუფლად და სული წმიდის მიერ, და შეუფერხებლად, სხვათა ჩარევის გარეშე.

ამრიგად, ხელმოწერილი საპატრიარქო და სინოდური ტომოსით ჩვენ ვცნობთ და ვაცხადებთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ ავტოკეფალურ ეკლესიას ჩვენს სულიერ შვილად და მოვუწოდებთ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს, ცნონ იგი და-ეკლესიად და მოიხსენიონ იგი, სახელდებით „უკრაინის უწმიდესი ეკლესია“, რომელსაც აქვს რა კათედრა ისტორიულ ქალაქ კიევში, არ აქვს უფლება დაადგინოს ეპისკოპოსები ან დააფუძნოს სამრევლოები ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ამჟამად უკვე არსებული კი დაექვემდებარებიან, თანახმად განწესისა, მსოფლიო საყდარს, რომელსაც აქვს კანონიკური უფლებამოსილება დიასპორაში, რამდენადაც ამ ეკლესიის იურისდიქცია შემოიფარგლება უკრაინის სახელმწიფოთი. 

ჩვენ გადავცემთ მას პრივილეგიებსა და ყველა სუვერენულ უფლებას, რომელიც ეკუთვის ავტოკეფალურ საეკლესიო მმართველობას, ხოლო მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა, აღასრულებს რა ღმრთისმსახურებას, მოიხსენიებს „ყველა მართლმადიდებელ ეპისკოპოსს“, ხოლო მისი უწმიდესი მღვდელმთავრები კი მოიხსენიებენ მის სახელს, როგორც პირველიერარქისა და უკრაინის უწმიდესი ეკლესიის წინამძღოლისა. ყოველი, რაც ეხება შიდასაეკლესიო მართვას, განიხილება, განისჯება და განისაზღვრება მხოლოდ წმინდა სინოდის მიერ, რომელიც იხელმძღვანელებს სახარებისეული და სხვა სწავლებებით, რომლებიც მომდინარეობს წმინდა გარდამოცემიდან და ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ პატივდებული კანონიკური განჩინებებით, და ნიკეის I მსოფლიო კრების მე-6 კანონის მოთხოვნით, რომლის თანახმად, „თუ გადაწყვეტა მთელი კრების კურთხევით მოხდება და საეკლესიო სამართალთან შესაბამისობაში, მაგრამ ორი ან სამი ეპისკოპოსი, საკუთარი პატივმოყვარეობიდან გამომდინარე ამ აგდაწყვეტილებას შეეწინააღმდეგება, მაშინ ძალაშია უმრავლესობის აზრი“, და ამდენად დაცულია ყველა მღვდელმთავრისა და სასულიერო დასისაგანთა უფლება, სააპელაციო თხოვნით მიმართონ მსოფლიო პატრიარქს, რომელსაც გააჩნია კანონიკური პასუხისმგებლობა, მიიღოს ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსებისა და სასულიერო დასის წარმომადგენელთა უაპელაციო სასამართლო განაჩენები, თანახმად ქალკედონის IV მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონებისა.

გარდა ხსენებულისა, განვმარტავთ აგრეთვე, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, სხვა კანონიკურ ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობებთან ერთად, ისევე როგორც სხვა პატრიარქები და ეკლესიათა მეთაურები, აღიარებს უწმიდეს სამოციქულო და საპატრიარქო მსოფლიო საყდარს წინამძღოლად, უმეტესად კი ჩვენი მართლმადიდებელი რწმენის შეურყვნელად დაცვისა და მსოფლიო საპატრიარქოსთან და სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან კანონიკური ერთობისა და თანაზიარების განსამტკიცებლად. ამისათვის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, ისევე როგორც უკრაინის უწმიდესი ეკლესიის მღვდელმთავრები, ამიერიდან არჩეულ იქნებიან საღმრთო და უწმიდესი კანონების, აგრეთვე დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, რომელიც ყოველმხრივ უნდა შეესაბამებოდეს ამ საპატრიარქო და სინოდურ ტომოსს. ყოველი მღვდელმთავარი უნდა ზრუნავდეს, რომ საღმრთო სიყვარულით დამწყსოს ერი ღმრთისა და უძღოდეს მათ ღმრთის მოშიშებით თავის ქვეყანასა და ეკლესიაში მშვიდობისა და თანხმობისაკენ.

თუმცა საიმისოდ, რომ ყველა იმყოფებოდეს სულიერი ერთობის კავშირსა და წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა თანაზიარებაში, რამეთუ გვესწავლა ჩვენ „ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა“ (ეფ. 4:3), კიევისა და სრულიად უკრაინის ყოველი უნეტარესი მიტროპოლიტი, თანახმად წმინდა მამების ძველი გადმოცემისა, ვალდებულია მოიხსენიოს მსოფლიო პატრიარქი და ადგილობრივ ეკლესიათა უნეტარესი პატრიარქები და მეთაურები, კანონიკურად განწესებული დიპტიქის მიხედვით, რომელსაც უწმიდეს დიპტიქებსა და საეკლესიო კრებებზე მიებოძა ადგილი ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მეთაურის შემდგომ.

ამდენად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, თავისი პირველიერარქის ან კანონიკურად დადგენილი კიევის ტახტის მოსაყდრის მიერ, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საერთომართლმადიდებლურ კრებებში მნიშვნელოვანი კანონიკური, დოგმატური ან სხვა საკითხების განსახილველად, რომლებიც წმინდა მამათა მიერ განჩინებული წმინდა ტრადიციის საფუძველზე დროდადრო იქნებიან მოწვეული. პირველიერარქი მოვალეა დააგზავნოს შესაბამისი სამშვიდობო სიგელები მსოფლიო პატრიარქის ან სხვა მეთაურთა სახელზე და უფლებამოსილია ანალოგიური მიიღოს თავადაც, რომელიც უწინარესად შეეხება მშვიდობიან მოგზაურობას კონსტანტინოპოლის პირველსაყდარისგან, ჩვეულებათა თანახმად, წმინდა მირონის მიღებას, მასთან სულიერი ერთობის გამოვლენის მიზნით. უმნიშვნელოვანესი საეკლესიო, დოგმატური და კანონიკური ხასიათის საკითხების გადაწყვეტისათვის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა, თავისი ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით, უნდა მომართოს ჩვენს უწმიდეს საპატრიარქო და მსოფლიო საყდარს და ესწრაფოს, მიიღოს მისგან ავტორიტეტული მოსაზრება და მტკიცე ურთიერთგაგება, რასთან დაკავშირებითაც მსოფლიო საყდრის უფლებამოსილება უკრაინაში საეგზარქოსოს და უწმიდეს სტავროპიგიათა დაფუძნების შესახებ რჩება უცვლელად.

ამდენად, ყველა ამ პირობებით, ჩვენი წმინდა, ღმრთის დიდი ეკლესია, აკურთხებს და აცხადებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალურად და გულუხვად მიუბოძებს უკრაინის მიწაზე მყოფ იერარქიას, პატიოსან სამღვდელო დასსა და კეთილპატიოსან ერს საღმრთოთა ნიჭთა სულიწმიდის ულევი საუნჯიდან, ლოცულობს, რათა პირველმან და დიდმან მღვდელმთავარმან იესუ ქრისტემ, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და ყოვლადკურთხეულისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადქალწული მარიამისა, წმიდისა, დიდებულისა და მოციქულთა სწორისა, მთავრისა ვლადიმერისა და წმიდისა დიდებულისა მთავრინა ოლგასითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, კიევ-პეჩორის ლავრასა და სხვათა მონასტერთა შინა მოღვაწეთა და ბერთა, საუკუნოდ განამტკიცოს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წიაღში ჩარიცხული უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია და მისცეს მას კეთილად დგომა, ერთობა, მშვიდობა და გაძლიერება, სადიდებლად მისა და მამისა და წმიდისა სულისა.

ამრიგად, ამგვარად გადაწყვეტილი და განჩინებული და მართლმადიდებლობის პატივდებული ცენტრიდან სიხარულით განცხადებული, კრებსითად მიღებული ეს საპატრიარქო და სინოდური ტომისი, ჩვენი ქრისტეს დიდი კონსტანტინოპოლის ეკლესიის კოდექსში ჩაწერილი და ხელმოწერილი, ზუსტი და იდენტური პირით გადაეცემა უკრაინის უწმინდესი ეკლესიის უნეტარეს წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს და მის აღმატებულებას, უკრაინის პრეზიდენტს, ბატონ პეტრო პოროშენკოს, საუკუნო მტკიცებად და მარადის წარსადგენად.

ორი ათას ცხრამეტი წლის იანვრის თვის 6 რიცხვში, ინდიქტიონი 12.

† მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი, ქრისტე ღმრთისა მიერ განვაჩინე
ვრიულის მიტროპოლიტი პანტელეიმონი,
† იტალიისა და მალტის მიტროპოლიტი გენადიოსი,
† გერმანიის მიტროპოლიტი ავგუსტინე,
ტრანუპოლის მიტორპოლიტი გერმანე 
† ნიუ ჯერსის მიტროპოლიტი ევანგელიოსი
† როდოსის მიტორპოლიტი კირილე 
რეტიმნისა და ავლოპოტამის მიტროპოლიტი ევგენიოსი
† კორეის მიტროპოლიტი ამბროსიოსი
† სინგაპურის მიტროპოლიტი კონსტანტინე
† ავსტრიის მიტროპოლიტი არსენიოსი
სიმის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი
† ჩიკაგოს მიტროპოლიტი ნათანაელი

კომენტარები