გიგა ოთხოზორია

ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორია სამოქალაქო თავდადების მედლით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

სალომე ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს გადასცა მედალი "სამოქალაქო თავდადებისთვის". 

მან ეს ზუგდიდში თქვა, სადაც "პრეზიდენტის ნაძვის ხის" ღონისძიებაზე ოთხოზორიას შვილებთან ერთად მივიდა. 

„ეს არის მხიარული დღე, შობის წინა დღესასწაული, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სად ვართ, ამიტომ აქ მოვედი გიგა ოთხოზორიას ბავშვებთან ერთად და დღეს გადავეცი სამოქალაქო თავდადების მედალი, სახსოვრად იმისი, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები. თავდადება ეს არის ის, რაც ქმნის ამ ქვეყანას“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვართან მდგომ შეიარაღებულ ე.წ მესაზღვრეებთან მოუვიდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის, რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. ამის შემდეგ, რაშიდ კანჯი ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც.

გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები