ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ დაგროვებითი პენსიის სისტემის ალტერნატიული ვერსია შეიმუშავა

საპარლამენტო უმცირესობამ, "ევროპულმა საქართველომ", დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ალტერნატიული სისტემა შეიმუშავა, რომელსაც დღეს პარლამენტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე განიხილავს. 

ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 

პარტიის განცხადებით, უმცირესობის მიერ შემუშავებული ალტერნატიული სისტემა:

  • ყველა მოქალაქეს უტოვებს საშუალებას, ნებაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში;
  • ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის;
  • დაგროვებით საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.


ევროპული საქართველოს განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500-ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი პენსიაზე გასვლის მომენტიდან საბაზო პენსიის გარეშე დაგროვებითი სქემით ყოველთვიურად 576 ლარს მიიღებს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, კიდევ უფრო მეტი იქნება. შედარებისთვის: "ქართული ოცნების" საპენსიო სქემით ეს ადამიანი მხოლოდ 85 ლარს მიიღებდა. 

ამასთან, პარტიის თქმით, ევროპული საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სისტემა საგადასახადო შეღავათის პრინციპზეა აგებული, რაც ნიშნავს, რომ თუკი მოქალაქე თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც "ქართული ოცნების" მთუავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს. 

"ევროპული საქართველოს" დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას "ქართული ოცნების" სქემა აკეთებს.

ევროპული საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა,"- წერია განცხადებაში.

წაიკითხეთ ამ თემაზე

საპენსიო რეფორმა - სქემა, რომლითაც მთავრობას თქვენი ფულის მითვისება შეეძლება

კომენტარები