აშშ-თურქეთი

მედია: ტრამპმა ერდოღანს სირიაზე უთხრა "კარგი, ის მთლიანად შენია, ჩვენ დავასრულეთ"

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი
washington times

ამერიკულ მედიაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 14 დეკემბერს დონალდ ტრამპი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიიდან ამერიკის ჯარების გაყვანის შესახებ ესაუბრა.

"კარგი, ის მთლიანად შენია. ჩვენ დავასრულეთ." უთხრა ტრამპმა ერდოღანს სატელეფონო საუბრისას.

წყაროების მიხედვით ერდოღანმა ტრამპს უთხრა, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო თითქმის დამარცხებულია, ხოლო რეგიონში აშშ-ის ყოფნა პრობლემებს იწვევს. მათი თქმით ერდოღანი ტრამპს დაჰპირდა, რომ თურქეთი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ბოლოს მოუღებს.

პრეიზდენტებს შორის სატელეფონო საუბარი კვირასაც შედგა. ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"ახლახანს მქონდა ხანგრძლივი და პროდუქტიული ზარი პრეზიდენტ ერდოღანთან. ჩვენ გავიხილეთ ე.წ. ისლამური სახელმწიფო, ჩვენი ჩართულობა სირიაში და ამერიკის ჯარების ნელი და კოორდინირებული გამოსვლა რეგიონიდან. წლების შემდეგ ისინი სახლში ბრუნდებიან. ჩვენ ვაჭრობაც განვიხილეთ." დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარის გამოყვანის შესახებ განცხადება 20 დეკემბერს გააკეთა. მან თქვა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია და დროა ამერიკელი ჯარისკაცები სახლში დაბრუნდნენ.

გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ის პარტნიორების და მოკავშირეების, ასევე ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. თანამდებობა დატოვა თავდაცვის მდივანმა ჯეიმზ მეტისმა.

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების დანაყოფები ძირითადად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მოკავშირესთან, სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში იყო განთავსებული. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომელიც ქურთებისა და არაბებისაგან შედგება, ქურთისტანის მუშათა პარტიის დანაყოფად მიიჩნევს და ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს ახალი სამხედრო ოპერაცია სირიაში, რის შემდეგაც პენტაგონისაგან გაფრთხილება მიიღო, რომ რომელიმე მხარის მიერ სირიის ჩრდილოეთში ცალმხრივი ქმედებები, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებს საფრთხეს შეუქმნის, მიუღებელია.

კომენტარები