აქცია კახეთში

მეზვრიშვილი: გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება კირკიტაძით

შსს

"თუ ნახეთ გუშინ კირკიტაძის მოქმედებები, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გამოძიება მისით დაინტერესდა" - შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ადასტურებს, რომ ენმ-ის წევრის დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციის მობილიზება, გუშინდელ აქციაზე, მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. მეზვრიშვილის თქმით, ყველა ის ადამიანი, მათ შორის იქნება პოლიტიკური ლიდერი, მხარდამჭერი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის და ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში.

"პოლიციელზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს რატომ დაინტერესდა გამოძიება ბატონი კირკიტაძით.მიიღებს ალბათ ბატონი კირკიტაძე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ჩემთვის ამ ეტაპზე, ამ წუთებში უცნობია რა საგამოძიებო მოქმედებაში იღებს მონაწილეობას, თუმცა პოლიციას ბატონი კირკიტაძის მიმართ იმ ვიდეოჩანაწერებიდან გამომდინარე, რაც გუშინ მთელმა საზოგადოებამ იხილა, ინტერესი რომ აქვს კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა ეს გასაკვირი საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს." - ამბობს მეზვრიშვილი

გუშინ კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა. მისივე თქმით, მოქმედებები დღეიდან დაიწყება. 

ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა: გუშინ თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 7 პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები