აჭარის მთავრობა

რიჟვაძე: პირადად ვიძიებ შურს ყველაზე, ვინც აჭარელი ხალხის ღირსებას შეურაცხყოფს

თორნიკე რიჟვაძე
Facebook/ თორნიკე რიჟვაძე • Tornike Rijvadze

აჭარის ა. რ.-ის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრის განცხადებებს გამოეხმაურა და დაიმუქრა, რომ პირადად იძიებს შურს ყველა ადამიანზე, რომელიც "აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას გაბედავს". 

რიჟვაძემ ამის შესახებ Facebook-ის ოფიციალური გვერდით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. 

"ჩვენი ოპონენტების საქციელები, მათი განცხადებები უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. გუშინ თქვენ მოისმინეთ ქიქავების და სხვა ამ ტიპის სუბიექტების ყოვლად სამარცხვინო განცხადებები. ვაცხადებ, რომ პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას. ჩვენ მათ საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ და პირობას ვდებ, რომ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე და ყველა ეს ადამიანი ამ ველისგან გაიწმინდება. არავისთან არ ვაპირებ არც პოლიტიკურ, არც მერკანტილურ ვაჭრობას. ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას და თავისუფლებას. უნდა მიეჩვიონ, რომ ჩვენთან ვაჭრობა ვერ გაგრძელდება - ვერც მერკანტილური, ვერც პოლიტიკური,"- თქვა აჭარის მთავრობის მეთაურმა. 

რიჟვაძის განცხადებას წინ უძღოდა 7 დეკემბერს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, ჯელალ ქიქავას, განცხადებები, რომელიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობდა. ქიქავამ ბათუმის 2017 წლის მარტის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ "300 წლის განმავლობაში ყივჩაღები აჭარლების ცოლებს აუპატიურებდნენ" და მაშინაც კი არ გამოსულან ისინი გასაპროტესტებლად ქუჩაში. 

"ჩვენ ბათუმში ვნახეთ ბუმი. ჩემი თვალით ვნახე გაჭირვებული ხალხის ბუმი, კინაღამ ქალაქი გადაწვეს. იმას ხელმძღვანელი არ ჰყავდა, იმას რომ ხელმძღვანელი ჰყოლოდა, ისინი მთელ ქალაქს გადაწვავდნენ. მაშინაც ვთქვი მე, რომ 300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლების ცოლებს, შვილებს, იპარავდნენ, მუსლიმანობას აღებინებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან და 6 თვეში [ქართულმა ოცნებამ] იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გარეთ გამოიყვანეს და კინაღამ, თავისი ქალაქი გადააწვევინეს,"- თქვა ქიქავამ. 

კომენტარები