აჭარის მთავრობა

გახარია საქართველოსთვის: ყაველაშვილის მიერ პატარაძის წარდგენა არღვევს კონსტიტუციას

 

გახარია საქართველოსთვის მიხეილ ყაველაშვილის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის დასახელებას ეხმაურება.

მათი თქმით, ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დარღვევა, რადგან ყაველაშვილს კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ უნდა წარედგინა. ივანიშვილის პრეზიდენტს კი არ ჰქონია კომუნიკაცია მათ პოლიტიკურ გუნდთან.

"დღეს, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით - ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია პირდაპირ ითხოვს, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ წარადგინოს, მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს.

შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტს მივიჩნევთ არა ფორმალურ შეცდომად, არამედ საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეშ დარღვევად, ინსტიტუციებისა და იმ მოქალაქეების უპატივცემულობად, რომელსაც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო." - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძე წარადგინა. პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2016-2018 წლებშიც იყო.

კომენტარები