დონალდ ტრამპი

ტრამპი: I და II მსოფლიო ომების დროს ევროპულმა არმიამ ვერ იმუშავა, მაგრამ აშშ თქვენთან იყო

დონალდ ტრამპი
AFP

დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონი მიერ წამოყენებული ინიციატივა ევროპული არმიის შექმნის თაობაზე გააკრიტიკა:

"ევროპულმა არმიამ მაინცდამაინც კარგად ვერ იმუშავა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს. მაგრამ აშშ თქვენს გვერდით იყო და ყოველთვის იქნება. მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ თქვენი წილი გადაიხადოთ ნატოში. გერმანია 1%-ს იხდის მაშინ, როდესაც ბევრად დიდი მთლიანი შიდა პროდუქტის მქონე აშშ 4.3%-ს იხდის ევროპის დასაცავად. სამართლიანობა!" დაწერა მან.

 

ტრამპმა მაკრონის ეს ინიციატივა წარსულშიც გააკრიტიკა:

"ემანუელ მაკრონი გამოდის ინიციატივით აშშ-ს, ჩინეთის და რუსეთისაგან ევროპის დასაცავად საკუთარი არმია შექმნან. მაგრამ გერმანია იყო პირველ და მეორე მსოფლიო ომებში - როგორ იმუშავა ამან საფრანგეთისთვის? პარიზში გერმანულის სწავლას იწყებდნენ, სანამ აშშ ჩაერეოდა. გადაიხადეთ ნატოსთვის, ან არა!" - დაწერა მან.

გარდა ამისა, ტრამპი საკუთარ Twitter-ზე საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება:

"პარიზის შეთანხმება აშკარად ვერ მუშაობას კარგად პარიზისთვის. მთელს საფრანგეთსი აქციები და არეულობაა. ხალხს არ სურს დიდი ოდენობით ფულის გადახდა, მისი დიდი ნაწილის მესამე მსოფლიოს ქვეყნებისათვის (რომელთა მმართველობაშიც საეჭვოა), იმისათვის, რომ გარემო დაიცვან. ისინი იძახიან "ჩვენ გვინდა ტრამპი!". მიყვარს საფრანგეთი." დაწერა მან.

საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის ანტი-სამთავრობო აქციები გრძელდება. ქალაქის ცენტში 5,000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიციამ აქციის 272 მონაწილე დააკავა. აქციები მეოთხე კვირაა გრძელდება. თავდაპირველად მომიტინგეები საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ მოძრაობა ანტი-სამთავრობო აქციებში გადაიზარდა. საფრანგეთის მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი ჯერ 6 თვით გადადო, შემდეგ კი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო.

კომენტარები