ინგლისის სამეფო კარი

ფრანგი ისტორიკოსის თქმით, ელიზაბეთ I-ს საფრანგეთის წარმომადგენელთან რომანი ჰქონდა

ელიზაბეთ I-ის პორტრეტი

ისტორიკოსი და ტიუდორების სამეფო გვარის მკვლევარი ესთელ პარანქე ამტკიცებს, რომ მან აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ინგლისის დედოფალს ელიზაბეთ I-სა და საფრანგეთის ელჩს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. მკვლევარი წერს, რომ მონარქი ელჩს მაშინ დაუახლოვდა, როცა ეს უკანასკნელი დიდ ბრიტანეთში მიავლინეს. 

ფრანგი დიდებული და გამოცდილი დიპლომატი ბერტრან სალინიაკ დე ლა მოთ ფენელონი ინგლისში 1568 წლის ნოემბერში გაგზავნეს, სადაც 7 წლის განმავლობაში მსახურობდა. 

ისტორიკოსის თქმით, საფრანგეთის კარისთვის გაგზავნილ წერილებში ელჩი წერდა, რომ მან მალევე დაიმსახურა დედოფლის სიმპათია და ის ხშირად აძლევდა ელჩს უჩვეულო და, რაღაც მხრივ, სკანდალურ პრივილეგიასაც კი თავის პირად სამყოფელ ოთახში. ისტორიკოსი, ასევე, ირწმუნება, რომ მოგვიანებით ელჩი მუდმივად დედოფლის გვერდით იმყოფებოდა. 

ლა მოთ ფენელონი საფრანგეთის მეფე ჩარლზ IX-ისთვის გაგზავნილ წერილებში წერდა, რომ დედოფალს მასთან ერთად ნადირობის, სადილობისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური საკითხის განხილვისას ხშირად ჰქონდა "კმაყოფილი და ბედნიერი სახე". ამასთან, ის აღწერდა, თუ რა ოსტატურ სამშვილდო უნარებს ფლობს დედოფალი ირმებზე ნადირობისას. ამასთან, ისტორიკოსის თქმით, ელჩი ფრანგ მონარქთან დედოფლის გარეგნობასაც აქებდა. ის წერდა, რომ ერთხელაც მასთან შეხვედრისას დედოფალი უჩვეულოდ ლამაზად გამოიყურებოდა და აღნიშნავდა, რომ მას იმაზე უკეთ ეცვა, ვიდრე ჩვეულებრივ. 

"ვფიქრობ, რომ ელჩი აღმერთებდა დედოფალს და, შესაძლოა, მას მის მიმართ გრძნობებიც ჰქონდა. მას მოსწონდა დედოფალთან ერთად დროის გატარება. ცხადია, რომ ის სიამოვნებით რჩებოდა ნასადილევს მონარქთან ერთად, სადაც ელიზაბეთი მას ბევრს ელაპარაკებოდა. ამასთან, თავის მხრივ, თუკი დიდხანს არ ნახავდნენ ერთმანეთს, დედოფალი მას დავიწყებას საყვედურობდა. ეს არ იყო ის რიტორიკა, რომლითაც ელჩებს ელაპარაკებიან. ისინი დანამდვილებით მეგობრობდნენ. 

ამასთან, ის თავის ხელმძღვანელებს, ფრანგ მმართველებს წერდა, რომ დედოფალი კლდესავით ძლიერი იყო და, ასევე, წერდა, რომ ის გასაოცრად გამოიყურებოდა და მომაჯადოვებელი იყო,"- ამბობს ისტორიკოსი. 

მისივე მტკიცებით, ნასადილევს ელჩის კომპანიონობით კმაყოფილ დედოფალს ხშირად მიჰყავდა ის თავის მოსასვენებელ ოთახში, სადაც ელჩისგან რჩევებს იღებდა ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც მას ადარდებდა, მაგალითად, მემკვიდრეობის საკითხსა და შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტზე. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ მათი შეხვედრები გასაიდუმლოებული იყო. 

მკვლევარ პარანქეს თქმით, ჩვეული ოფიციალური დიპლომატიური განხილვების პარალელურად, დედოფალი და ელჩი ნადირობისას თუ მის სამყოფელში ყოფნისას პირად საკითხებსაც განიხილავდნენ. 

1572 წლის 18 იანვრით დათარიღებულ წერილში ელჩი ეკატერინე მედიჩს წერს, რომ დედოფალმა მას სკამის მოტანა დაავალა და უბრძანა, მის გვერდით დამჯდარიყო პირად ოთახში. 

"ეს საიდუმლო ლოკაციები, სადაც მათ გარდა არავინ ყოფილა მიწვეული, ნათლად აჩვენებს, რომ ელიზაბეთსა და ლა მოთ ფენელონს არ სურდათ მათი მეგობრობის გამჟღავნება. იქნებ, დედოფალს რაღაც პირადული მოტივი ამოძრავებდა? ჩვენ არ შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ ეს, მაგრამ ლა მოთ ფენელონის ტონი მიანიშნებს, რომ ეს ინტერაქციები უჩვეულო იყო,"- ამბობს ისტორიკოსი. 

პარანქეს თქმით, ამ საუბრების დროს ისინი დედოფლისა და ანჟუს გრაფ ჰენრის პოტენციურ ქორწინებასაც განიხილავდნენ. 

"მიუხედავად იმისა, რომ ის ჰენრისა და ელიზაბეთს შორის შუამავალი იყო, საფრანგეთის ელჩი საბოლოოდ თავად ცდილობდა დედოფლის გულის მოგებას," - ამატებს პარანქე.

კომენტარები