ომბუდსმენი

ომბუდსმენი პარლამენტს ზოგიერთი მიმდინარე სსკ-ის საქმის მასალების გაცნობის უფლებას სთხოვს

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტს გარკვეული კატეგორიის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლების მოთხოვნით მიმართა. 

გამოძიების დასრულებამდე საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით, ომბუდსმენმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს 29 ნოემბერს მიმართა. 

მოქმედი კანონმდებლობით, სახალხო დამცველი სისხლის სამართლის საქმის მასალებს მხოლოდ მას შემდეგ ეცნობა, რაც გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება ან სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს. 

"ამ შეზღუდვის გამო, სახალხო დამცველის აპარატი ვერ ეცნობა ისეთ საქმეებს, რომლებიც მაგალითად, არასათანოდ მოპყრობას ან სიცოცხლის ხელყოფის უფლების ხელყოფას ეხება და რომლის გამოძიებაც წლების განმავლობაში გრძელდება,"- წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ისეთ საქმეებს, რომელთა მიმართაც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი არსებობდა. სახალხო დამცველის თქმით, ამ საქმეების შესწავლა ინდივიდუალური დაშვების ფარგლებში მოხდა და კარგად წარმოჩინდა ის უპირატესობები, რაც საქმის მასალების განხილვას ახლავს. 

"სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსილება გაფართოვდეს და მას მიმდინარე საქმეების მასალებზე წვდომის უფლება მიეცეს," - წერს ლომჯარია. 

სახალხო დამცველის აპარატს მოჰყავს სხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილება მსგავს პრაქტიკებთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა გვხვდება ფინეთში, შვედეთში, დანიაში, ლიტვასა და ესტონეთში. 

მათი რეკომენდაციით, სახალხო დამცველს უნდა მიეცეს იმ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, რომელიც არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიებას შეეხება. ომბუდსმენის განცხადებით, ამ კუთხით საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის ფორმულირება შესთავაზეს. 

კომენტარები