თავდასხმა თაკო ჩარკვიანზე

მაჭავარიანი: ჩარკვიანზე თავდასხმაში არ ვმონაწილეობდი, არ ვაპირებ თავის მართლებას

თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი ამბობს, რომ თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმაში არ მონაწილეობდა. 

მისი თქმით, ის დაჯარიმებულიც კი არ არის, რადგან მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა.

"არ ვმონაწილეობდი თავდასხმაში. სიცრუეა ეს, არ ვაპირებ საერთოდ თავის მართლებას,. თავი სამართლებელი აქვთ იქით მეორე მხარეს. არც 700 ლარიანი გირაო დაუკისრებიათ ჩემთვის და ჯერჯერობით დაჯარიმებულიც კი არ ვარ. მე ვიყავი იმ მომენტში ქუთაისის აეროპორტში და ვაშველებდი იმ ადამიანებს. კონფლიქტი დაიწყო ჩემს მეგობრებსა და მეორე მხარეს შორის. თაკო ჩარკვიანის თანმხლებ პირებს შორის. თავიდან არ შევესწარი და არ ვიცი კონფლიქტი რას უკავშირდებოდა. კონფლიქტის დაწყების დროს არ ვიყავი იმ ადგილას. საერთოდ სხვა რამით ვიყავი დაკავებული",- ამბობს მაჭავარიანი. 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, მას და მის ქმარს პოლიტიკურ ნიადაგზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციული წესით დააკავა, მათ შორის, საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის ქმარს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმის საქმეზე ხულიგნობისთვის დაკავებული სამი პირი გაათავისუფლა. მოსამართლემ გიორგი კერვალიშვილი და დავით ბაიდარაშვილი 700 ლარით დააჯარიმა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსის დავით მაჭავარიანის ბრალეულობა ჯერჯერობით არ დადასტურდა. მას დამატებითი ვადა მისცეს მტკიცებულებების წარსადგენად. 

დაკავებულების მტკიცებით, ისინი ქუთაისის აეროპორტში შეფერხებული ფრენის გამო იმყოფებოდნენ და მათ ჩხუბი არ დაუწყიათ. დაჯარიმებული პირები აპირებენ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასააჩივრონ. მათი თქმით, ისინი კონფლიქტის მონაწილეებს აშველებდნენ. მომდევნო პროცესი 12 დეკემბერს ჩაინიშნა.

კომენტარები