თავდასხმა თაკო ჩარკვიანზე

თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის საქმე - 2 პირი დააჯარიმეს, მაჭავარიანს დამატებითი ვადა მისცეს

1tv.ge

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმის საქმეზე ხულიგნობისთვის დაკავებული სამი პირი გაათავისუფლა. მოსამართლემ გიორგი კერვალიშვილი და დავით ბაიდარაშვილი 700 ლარით დააჯარიმა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსის დავით მაჭავარიანის ბრალეულობა ჯერჯერობით არ დადასტურდა. მას დამატებითი ვადა მისცეს მტკიცებულებების წარსადგენად. 

დაკავებულების მტკიცებით, ისინი ქუთაისის აეროპორტში შეფერხებული ფრენის გამო იმყოფებოდნენ და მათ ჩხუბი არ დაუწყიათ. დაჯარიმებული პირები აპირებენ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასააჩივრონ. მათი თქმით, ისინი კონფლიქტის მონაწილეებს აშველებდნენ. მომდევნო პროცესი 12 დეკემბერს ჩაინიშნა.

"მილიონი სათვალთვალო კამერით და ძალიან ბევრი მოწმის ჩვენებით ისედაც დამტკიცებულია, რომ არაფერ შუაში ვარ. როდესაც ჩოჩქოლი დავინახე, გასაშველებლად მივედი. ცხოვრებაში პირველად ვნახე ის ადამიანი, რომელიც ყვიროდა, იგინებოდა. მე აქეთ ჩემს მეგობარს ვაწყნარებდი, მონაწილეობა მხოლოდ გაშველებაში მივიღე. სისულელეა პოლიტიკური იარლიყების მიწებება, რა ძველი ბიჭები, რა დახვედრა" - ამბობს საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი. სწორედ მისი მეგობარია ძალადობის ბრალდებით დაკავებული. მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, ქუთაისში მას და მის ქმარს პოლიტიკურ ნიადაგზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციული წესით დააკავა, მათ შორის, საკრებულის პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის ქმარს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. 

კომენტარები