ინდოეთი

ინდოელი აქტივისტი ფოტოში ბარძაყის გამოჩენის გამო დააპატიმრეს

ინდოელი ქალი, რომელმაც გასულ თვეს წარუმატებლად სცადა ინდუიზმის ერთ-ერთ წმინდა ტაძარში შესვლა, დააპატიმრეს. მის წინააღმდეგ ბრალდება მოიცავს "ბარძაყის გამოჩენას" ფოტოში, რომელიც ქალმა facebook-ზე ტაძრისკენ მიმავალ გზაზე დადო.

რეანა ფატიმას, 32 წლის ტექნიკოსს, აქტივისტსა და მოდელს საბამირალას სალოცავში შესვლის საშუალება არ მისცეს. სალოცავი, როგორც ისტორიულად ცნობილია, დაკეტილია ყველა იმ ქალისთვის, რომელიც მენსტრუაციის ასაკისაა. 

ინდუიზმისთვის ქალი, რომელსაც მენსტრუაცია აქვს უწმინდურია და უკრძალავს რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობას. ერთ-ერთი განმარტებით, ქალების შესვლა ტაძარში აკრძალულია, რადგან ღვთაება - ლორდ აიაპა უცოლო იყო. 

სექტემბერში, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა აკრძალვა და უფლება დართო ყველა ასაკის ქალს, რომ მოენახულებინათ ტაძარი. 

ტაძრის ქალებისთვის გახსნამ ინდოეთში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აქტივისტების ნაწილის აზრით, ეს დისკრიმინაციულია, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ტრადიციის დაცვაა. მას შემდეგ, რაც აკრძალვა გაუქმდა, ათობით ათასი პროტესტანტი გამოვიდა ქუჩებში, ისინი თავს ესხმოდნენ ქალებს და უკრძალავდნენ მათ ტაძარში შესვლას. პროტესტანტებს შორის ქალებიც იყვნენ.

ოქტომბერში, ფატიმამ და ქალმა ჟურნალისტმა, რომლებსაც 100-ზე მეტი პოლიციელი იცავდათ, ტაძრის მთავარ შენობამდე მისვლა მოახერხეს. თუმცა წინააღმდეგობის გამო, ისინი ტაძარში ვერ შევიდნენ და უკან დაბრუნება მოუწიათ.

ტაძრისკენ მსვლელობის დროს, ფატიმამ facebook-ზე ფოტო დადო. მას შავი ტანსაცმელი ეცვა, როგორც ლორდ აიაპას მიმდევრები იცვამენ, შუბლზე სანდალოზის ხის პასტა უსვია, როგორც ინდუსურ ტრადიციაშია და ზის აიაპას მსგავს პოზაში. 


ფოტო: pinterest

ფოტოს გამო, პოლიციაში საჩივრები შევიდა და ფატიმას წინააღმდეგ საქმე აღიძრა. პოლიციის თქმით, ფოტო "სექსუალურად გამომწვევია" და "ლორდ აიაპას მიმდევრებს შეურაცხყოფას აყენებს".

ფატიმა თავის ოფისში, ქალაქ კოჩინში გასულ სამშაბათს დააკავეს. ის ციხეში 14 დღეს გაატარებს, ამ პერიოდში პოლიციამ საქმე უნდა გამოიძიოს.

როგორც ფატიმას მეგობარი BBC-სთან აცხადებს, ფოტოს დადების შემდეგ ფატიმას გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ.

კომენტარები