ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ძალადობისთვის ნასამართლევმა კაცმა ქალს თავში და სახეში ჩაარტყა, მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

www.eloccidental.com.mx

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფის მიმართ ძალადობაში ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

პროკურატურაში ამბობენ, რომ კაცმა ქალს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა, რის შემდეგაც საკუთარ სახლში დააკავეს. 

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული ამ დროს ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს, ქალაქ ახმეტაში, ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.გ-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.მ-ს, მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო. სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 11 სექტემბერს ახმეტაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, კაცს მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია - ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები