არჩევნები 2018

ეგვიპტეში გახსნილ საარჩევნო უბანზე ვაშაძემ და ზურაბიშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს

იმის გამო, რომ საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 00:00-მდე გაგრძელდა, ამ დრომდე უცნობია, რა შედეგით დამთავრდა არჩევნების მეორე ტური უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. ცესკოს ჯერ საზღვარგარეთ გახსნილი 55 უბნიდან, მხოლოდ 19 უბნის მონაცემი აქვს დათვლილი. ამ შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ხმების 61.04% აქვს, ხოლო ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს - 38.96%.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ აზერბაიჯანში შექმნილ სამივე საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა, ასევე, ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო ბელარუსში, ქუვეითში, ბელარუსში, პოლონეთში, თურქეთში (დათვლილია სამიდან ორი უბნის მონაცემები), კანადასა და კვიპროსში გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

ხელისუფლების მხარდაჭერილმა კანდიდატმა კი, გრიგოლ ვაშაძე სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, კატარსა და ჩინეთში გახსნილ უბნებზე დაამარცხა.

ეგვიპტეში გახსნილ საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ და სალომე ზურაბიშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო. მათ მხარი 7-7-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

კომენტარები