არჩევნები 2018

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: უბნებთან ფოტოებიანი სიები საყურადღებოა და შესწავლას საჭიროებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თქმით, ამომრჩეველთა სია და მასში არსებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემებია და მათი დამუშავებისთვის კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობა და პრინციპების დაცვაა საჭირო.

ინსპექტორი აღნიშნავს, რომ უბნებთან ფოტოსურათიანი სიების არსებობასთან დაკავშირებთ ინფორმაცია საყურადღებოა და შესწავლას საჭიროებს.

"მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს საარჩევნო უბნებთან ხელთ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები, საყურადღებოა და დამატებით შესწავლას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა ტიპის სიებს ეხება საქმე, როგორ მოხდა მათი მოპოვება და როგორ ხდება მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გამოყენება", - აღნიშნულია აპარატის განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს სთხოვს მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები და დამატებითი ინფორმაცია.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული 10-მდე სხვადასხვა საკითხის შესწავლა დაიწყეს და მიმდინარეობს არაერთი მოქალაქის განცხადების განხილვა.

"მზად ვართ კომპეტენციის ფარგლებში მოვახდინოთ რეაგირება ამომრჩეველთა მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ნებისმიერ ფაქტზე", - ამბობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

ცნობისთვის, სხვადასხვა მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საარჩევნო უბნებთან "ქართული ოცნების" კოორდინატორებს ამომრჩევლის ფოტოებიანი სიები აქვთ.

კომენტარები