უკრაინა-რუსეთი

რესპუბლიკელები: საქართველომ ღიად უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად დაგმოს შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პროვოკაციული ქმედებები. რესპუბლიკელების შეფასებით, საქართველომ ღიად უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.

"რუსეთის პროვოკაციული ქმედებები მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ხელს უწყობს მთლიანად რეგიონში მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ დაძაბულობის ზრდას.  

საქართველოს რესპუბლიკური პარტია თვლის, რომ შავი ზღვა წარმოადგენს ევროპულ ზღვას და რეგიონალური უსაფრთხოება, მათ შორის მიმდებარე ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მუდმივი საფრთხის ქვეშაა რუსეთის მხრიდან.  რუსეთს მიტაცებული აქვს საქართველოსა და უკრაინის შავიზღვისპირა მხარეები - აფხაზეთი და ყირიმი, რაც თავისთავად ქმნის დაძაბულობას მთელს რეგიონში. პერიოდულად კი, ახლაც ამ დაძაბულობის ესკალაციას ეწევა რუსეთი. 

საქართველომ ღიად და ოფიციალურად მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უკრაინის მხარდამხარ გაიზიაროს პასუხისმგებლობა და რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციის პროცესში იყოს ინიციატორი.

რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა და აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრა, რაც მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ინტერესებში არ შედის, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციაზე, რისთვისაც საჭიროდ მიგვაჩნია სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკრაინასა და საქართველოს შორის ოპერატიული და მჭიდრო თანამშრომლობა" - აცხადებს საქართველოს რესპუბლიკური პარტია.

რესპუბლიკელების შეფასებითვე, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური და 2019 წლის გაზაფხულზე უკრაინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, "უნდა ემსახურებოდეს ორივე ქვეყანაში რუსეთის გავლენების, დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების განეიტრალებას, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციას".

ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით, დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. 

უკრაინის პარლამენტი დღეს, კიევის დროით 16:00 საათზე ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს.

პარტია ევროპული საქართველო უკვე გამოვიდა ინიციატივით, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა კომიტეტმა, შემდეგ კი პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია რუსეთის ქმედებების შესაფასებლად. გიორგი კანდელაკის თქმით, დასავლეთი რუსეთს ამ ქმედების გამო, დიდი ალბათობით სანქციებს დაუწესებს და მნიშვნელოვანია, სანქციებში საქართველოც ფიგურირებდეს. ამასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ "ევროპული საქართველო, როგორც ყოველთვის, ამ თემით სპეკულირებს და პოლიტიკურ ჩარჩოში სვამს".

აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე 4 წელია, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ ე.წ მთავრობებს ზურგს რუსეთი უმაგრებს. 

ომი აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაიწყო, რასაც წინ ევრომაიდნის მოძრაობა და ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა უძღოდა. ევრომაიდნის საპროტესტო აქციები კი, თავის მხრივ, იანუკოვიჩის მიერ გაცხადებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, არ მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისთვის. 

საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია, რაც მალე სრულმასშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.

კომენტარები