არჩევნები 2018

ნოდია: თუ არჩევნები კონკურენტულია, "ბინძური" პერსონალისტური შეტევებიც ძლიერდება

ტელევიზორს თითქმის არ ვუყურებ და ბევრ რამეს სააგენტოების მოკლე ცნობებით ან ფეისბუქზე დადებული მღელვარე კომენტარებით ვიგებ. ღელვის ერთ-ერთი პოპულარური თემა მიმდინარე კამპანიის განსაკუთრებული "სიბინძურეა", რაც, განსაკუთრებით, კანდიდატების პირად ცხოვრებაში ხელების ფათურში გამოიხატება. ზოგადად ამ ემოციას ვიზიარებ: რაც არ უნდა დაძაბული იყოს ბრძოლა, მორალის წითელი ხაზები უნდა არსებობდეს.

მაგრამ იმასაც შევხედოთ, რასა და რას შორის გვაქვს არჩევანი (ამ შემთხვევაში კანდიდატებს და მათ უკან მდგომ პარტიებს არ ვგულისხმობ). საკმარისი გამოცდილება დავაგროვეთ, რომ განვაზოგადოთ: საარჩევნო პოპულიზმი და სიბინძურე ნაკლებად გვექნება ისეთ კამპანიებში, სადაც წინასწარ ვიცით, რომ ხელისუფლება მოიგებს და ოპოზიციას არაფრის იმედი არა აქვს. თუ არჩევნები დაძაბული და კონკურენტულია, პრიმიტიული პოპულიზმის ტალღაც და "ბინძური" პერსონალისტური შეტევებიც ძლიერდება.

რომელი გვირჩევნია ამ ორიდან? თუ უნდა ვთქვათ: "როგორ დამღალეს ამ პოლიტიკოსებმა, ნეტა როდის მორჩებიან ერთმანეთთან ბრძოლას?" თუ დემოკრატია გინდა, არ მორჩებიან. აი, ვთქვათ ყაზახეთში და აზერბაიჯანში რომ არჩევნები ტარდება, იქ სიწყნარეა და ამდენს არ "კადრულობენ".

მეც მინდა, რომ კანდიდატების პირადი ცხოვრება და პოლიტიკა გამიჯნული იყოს ერთმანეთისგან, მაგრამ ცოტა ძალიან არარეალისტური მგონია წარმოდგენა, რომ ეს სადმე სრულად შესაძლებელია. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, წითელ ხაზებს ამომრჩევლის რეაქცია ადგენს: თუ კანდიდატი "უკადრებელს იკადრებს" ან მეტისმეტად პრიმიტიულ პოპულიზმში გადავარდება და მას ამისთვის ამომრჩეველი დასჯის, მეორეჯერ აღარ იზამს. მაგრამ თუ ეჯერება, რომ "უკადრებელი" რაღაცეების თქმით მოიგებს, არა მგონია, ადვილად გაჩერდეს. როგორ ამაღლდეს ამომრჩევლის გემოვნება ისე, რომ მან დასაჯოს "ბინძური" მეთოდების გამომყენებელი კანდიდატი?

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ში, საარჩევნო გარემოს შესახებ.

კომენტარები