ანტისემიტიზმი

ქართველ ებრაელთა სათვისტომო: ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ განცხადებას

Screengrab

ქართველ ებრაელთა სათვისტომო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტური განცხადების გამო აღშფოთებას გამოთქვამს. მათი შეფასებით, სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ მოშე გლუკჰაფტს, არამედ მთელ ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს.

"ჩვენ, ქართველი ებრაელები, აღშფოთებულები ვართ და ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ.

ქართველ და ებრაელ ერს შორის არსებობს 26-საუკუნოვანი სამაგალითო და-ძმობა, რომელსაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამას ვერაფერი დააზიანებს, მითუმეტეს, ვიღაცის კერძო, არაკორექტული გამოხტომები.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ებრაელების მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. კარგად გვახსოვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილის მიმართ იმავე შინაარსის ანტისემიტური, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული.

სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ განცხადებაზე შესაბამის რეაქციას ველით პოლიტიკური ძალების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება დაგმობს და გაემიჯნება სააკაშვილის განცხადებებს და ყველას კიდევ ერთხელ დაანახებს ორ ერს შორის მეგობრობის ღირსეულ მაგალითს,“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბერს, რუსთავი 2-თან საუბრისას თქვა, რომ "ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას".

მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ანტისემიტისტურ განცხადებაზე უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა სამოქალაქო პლატფორმამ "არა ფობიას". ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მას და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან.

კომენტარები