არჩევნები 2018

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ კენჭისყრა 24:00 საათამდე გაგრძელდება

ცესკო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელდება. 

სასამართლომ არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნების სარჩელი, რომლებმაც ცესკოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს. 

ცესკოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს ჩაინიშნა, რაც სამუშაო დღეა, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები არა 20:00 საათზე, არამედ 24:00 საათზე დაიხურება. 

სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებით, "ამ რეგულაციის მიღებით ცესკო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია, ვინაიდან კოდექსით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საარჩევნო უბნები იხურება 20 საათზე. ამ წესიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც 20 საათისთვის უბანთან რიგში მდგომ ამომრჩევლებს უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. სხვა გამონაკლისი კანონმდებლობით დაშვებული არ არის". 

ორგანიზაციები ცესკოს ასევე მოუწოდებდნენ, არჩევნები არასამუშაო დღეს, კვირას დაენიშნა, რათა საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში ხელი არავის შეშლოდა, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, ამასთან, ეს დაბრკოლება იქნებოდა თბილისში მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში არიან ჩაწერილები. 

კომენტარები