ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

კაცს, რომელიც ორსულ ცოლს სისტემატურად სცემდა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

www.readersride.com

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირს, რომელიც ორსულ ცოლზე ძალადობდა, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხონის რაიონში თ.ხ. 2018 წლის 10 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით სისტემატიურად სცემდა და ძალადობდა 6 თვის ორსულ მეუღლეზე, რა დროსაც ახსენებდა, რომ მისი საჩივრის საფუძველზე ის 2018 წლის 17 აპრილს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს. თ.ხ. დაზარალებულს გამუდმებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ რამდენჯერაც მის გამო ციხეში გატარებული თვეები გაახსენდებოდა, იმდენჯერ სცემდა მას", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიური ხასიათის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად ქალმა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. 

პროკურატურაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა კაცი 2018 წლის 15 ივნისს დააკავეს. სამტრედიის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-126-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ სისტემატურ ცემას და სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. თ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

პროკურატურის ინფორმაციით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ხ. დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები