არჩევნები 2018

ჟვანია: II ტურის თარიღს კომისიურად გადავწყვეტთ, სხდომაზე ერთი საკითხი ემიგრანტებს ეხება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას "ცესკო იღებს კომისიურად".

"დღეს არის წარმოდგენილი დღის წესრიგი, მე როგორც ცესკოს თავმჯდომარე, ვარ ერთი წევრი და მაქვს ერთი ხმის უფლება, მაგრამ თარიღს და ყველა სხვა გადაწყვეტილებას, ცესკო იღებს კომისიურად, ამიტომ, გთხოვთ, დაველოდოთ 7-საათიან სხდომას. მიიღება გადაწყვეტილებები და ცხადია, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის" - ამბობს ჟვანიას.

ცესკოს თავმჯდომარის თქმითვე, საარჩევნო კოდექსის და საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მეორე ტური ინიშნება არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. 

"ეს არის მეორე ტურთან დაკავშირებული ჩანაწერი, ასე რომ, უნდა იყოს თუ არა კვირა დღეს, რომელიმე სამუშაო ან არასამუშაო დღეს, ასე არ არის. ნებისმიერი არჩევნების დღე საქართველოში არის უქმე დღე, რომელ დღესაც დაინიშნება არჩევნები, იქნება უქმე დღე, თუ უქმე დღეს დაინიშნება, თავისთავად უქმე დღე იქნება" - თქვა ჟვანიამ.

გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ერთერთი დადგენილება, რომელზეც დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს ეხება. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლისთვის არჩევნების თარიღი შეუიცვალოს? თამარ ჟვანია პასუხობს - "ვნახავთ ამას სხდომაზე".

გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის არჩევნების მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბერს უნდა გაიმართოს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ცესკო არჩევნების 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს დანიშვნას აპირებს. კომისიას ჯერ თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა, თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს Edison Research-ის ჩატარებული კვლევის შესახებ განაცხადა, რომ "28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება".

თუ მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა, ეს დღე საქართველოში უქმედ გამოცხადდება, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა გაუჭირდებათ რეგიონებში რეგისტრირებულ (და თბილისში მცხოვრებ), ასევე, უცხოეთში მყოფ ამომრჩეველს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება უკვე გაავრცელეს და ცესკოს მოუწოდეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს დანიშნოს. სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებაში წერია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

კომენტარები