ღაზას სექტორი

ღაზას სექტორში შეტაკებები განახლდა - ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ 70ზე მეტი დარტყმით უპასუხა და ამის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. 

ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ღაზას სექტორის მახლობლად ხმოვანი სიგნალებია ჩართული. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთში ვიზიტი შეწყვიტა უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრის გამო.

ცნობისთვის, ისრაელში საქართველოს საელჩო, განვითარებული მოვლენების გამო, ისრაელში მყოფ ქართველებს მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

"ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092.",- წერია საელჩოს განცხადებაში. 

ღაზას სექტორში სიტუაცია გუშინ დაიძაბა, ისრაელის სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ისრაელის ძალების ლეიტენანტი. დაიჭრა კიდევ ერთი სამხედრო. დაღუპულებს შორის არის ჰამასის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი ლიდერი ნურ ბარაკაჰი. შვიდივე მოკლული პალესტინელი ჰამასის წევრი იყო.

 

 

 

კომენტარები