იუსტიციის სამინისტრო

წულუკიანის ინიციატივა - ქორწინების რეგისტრატორებს ერთიანი სტანდარტის უნიფორმები ეცმევათ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციის ახალ სტანდარტს ნერგავს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, "დღეიდან, რეგისტრატორები ქორწინებას ახალ, თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით შექმნილ უნიფორმებში დაარეგისტრირებენ".

ქორწინების საზეიმო ცერემონიალისას რეგისტრატორებისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ესკიზების ავტორი ქართველი დიზაინერი მაკა ჯაფარიძეა.

"მან სარიტუალო მოთხოვნების გათვალისწინებით სამოსის რამდენიმე ვერსია შექმნა. ამიერიდან საქართველოში მოქმედ ყველა საქორწინო სახლში, ასევე გასვლითი ქორწინებისას, რეგიტრატორებს დახვეწილი და ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ" - აცხადებს სამინისტრო.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, "იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ ვეფხისტყაოსანს − ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს".

სამზითვო ვეფხისტყაოსანი ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა.

"ეს იქნება სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო. ვეფხისტყაოსნის სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება" - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო ქორწინების მსურველ წყვილებს შესთავაზებს კიდევ ერთ სერვისს.

კერძოდ, საქართველოში საზეიმო ვითარებაში ქორწინების რეგისტრაციის მსურველ პირს ქორწინების თარიღის წინასწარ დაჯავშნა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეეძლება ნებისმიერი ადგილიდან. წყვილი სასურველ თარიღს, ქორწინების სახლს, სივრცესა თუ დარბაზს სააგენტოს ქორწინების სახლში წინასწარ გამოცხადების გარეშე შეარჩევს ვებგვერდზე - www.sda.gov.ge.

კომენტარები