არჩევნები 2018

კახიანი ოქრუაშვილი - ვაშაძის შეხვედრაზე: დაიწყო პოლიტიკური ლუსტრაციის პროცესი

ტაბულა

ფაქტიურად დაიწყო პოლიტიკური ლუსტრაციის პროცესი - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრას. 

"ამ არჩევნების შედეგებმა ერთი რამ დაგვანახა, ფაქტიურად დაიწყო პოლიტიკური ლუსტრაციის პროცესი, როცა ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო იმ პოლიტიკური ჯგუფების თავმოყრა,რომლებზეც ვამბობდით, რომ ისინი რეალურად არც არსად წასულან, ასეთი იყო მაგალითად "ევროპული საქართველო", რომელზეც ვამბობდით, რომ ის დაშლა მოჩვენებითი ხასიათის იყო და როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, დაბრუნდნენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ახლა კიდევ გამოჩნდა ბატონი ოქრუაშვილი, ხვალ შეიძლება სხვა ვინმე გამოჩნდეს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი აჩენენ თავის სახეს, რაზეც ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. ჩვენ კი ამასობაში საქმეს ვაკეთებთ და გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც საზოგადოების ინტერესშია",- ამბობს კახიანი. 

გრიგოლ ვაშაძე და ირაკლი ოქრუაშვილი ერთმანეთს გუშინ, 3 ნოემბერს შეხვდნენ. შეხვედრა ოქრუაშვილის სახლში გაიმართა. საუბრის ვიდეოჩანაწერი მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-მ გაავრცელა. ოქრუაშვილის თქმით, ქვეყანა ჩიხშია და ის მზადაა წყენა დაივიწყოს, როცა "საქმე ქვეყანას ეხება". 

კომენტარები