თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლისძმის მკვლელობისთვის გ.ა დამნაშავედ ცნო. კაცს, რომელსაც ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
"დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 აპრილს ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის ძმას - დ.ვ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით, ორივე ფეხის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიუხედავად აღმოჩენილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, დ.ვ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 13 აპრილს „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა" - აცხადებს პროკურატურა.
გ.ა-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.





