ინფლაცია

საქსტატი: ოქტომბერში თვიური ინფლაცია 0,3%, წლიური ინფლაცია კი, 2,3% იყო

geostat.ge

2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3
პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 6,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან
მაჩვენებელზე 0,2 პროცენტული პუნქტით აისახა. 

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6 პროცენტიანი ზრდა. შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა თვის ინფლაციაში 0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 0,7 პროცენტით, რაც 0,05
პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს
ნაწარმზე (1,5 პროცენტი)

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,6 პროცენტით, რაც 0,05 პროცენტული
პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა სამედიცინო
პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1,2 პროცენტი), ამბულატორიულ
სამედიცინო მომსახურებაზე (0,3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (0,2
პროცენტი).

ხოლო რაც შეეხება წლიური ინფლაციას, საქსტატის ინფორმაციით, ამ მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,5 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ
ინფლაციაზე 0,86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო
საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,4
პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 6,1 პროცენტით, რაც 0,51 პროცენტული
პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო
პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (12,0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო
მომსახურება (3,8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,3 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,7 პროცენტით, რაც 0,39
პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია როგორც
თამბაქოს ნაწარმზე (9,5 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,9 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,4 პროცენტით.
შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა
მომსახურების (7,7 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (4,2
პროცენტი), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,5 პროცენტი)
ქვეჯგუფებზე.

კომენტარები