არჩევნები 2018

ბოკერია ოცნებას: მკაფიოდ თქვით, იღებთ თუ არა პატრიოტთა ალიანსის და ქართული მარშის მხარდაჭერას

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართულ ოცნებას და მის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია, იღებენ თუ არა პატრიოტთა ალიანსის და ქართული მარშის მხარდაჭერას.

"პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ხელისუფლების დაკვეთით და შეიძლება არამხოლოდ ხელისუფლების დაკვეთით, ღიად გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ პირდაპირ პუტინის რუსეთთან დაკავშირებული და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის მტრულად განწყობილი ძალები. სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერა გუშინ გამოუცხადა პატრიოტთა ალიანსმა, რომელიც მოსკოვში დადის პუტინთან, ღიად ანტიდასავლურია და პირდაპირ საქართველოს თავისუფლების მტერია. ასევე ქართულმა მარშმა, მისმა ლიდერებმა და სხვა წვრილ-წვრილმა ჯგუფებმა, რომლის შესახებაც ყველაფერი ცნობილია.

ჩვენ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს და ქართულ ოცნებას, დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია, იღებენ თუ არა მხარდაჭერას ასეთი ჯგუფებისგან, როგორიცაა პატრიოტთა ალიანსი და ქართული მარში, ანუ ირგებენ მათ მხარდაჭერას, თუ ემიჯნებიან და მკაფიოდ ამბობენ, რომ ამ ჯგუფებთან საერთო არაფერი არ აქვთ" - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, თუ ხელისუფლება ამ კითხვას მკაფიო პასუხს არ გასცემს, კიდევ ერთხელ დაადასტურდება, რომ ეს ჯგუფები მმართველი გუნდის დაკვეთით მოქმედებენ.

"მათი მფარველობის ქვეშ იყვნენ, მათი შექმნილია ნაწილობრივ მაინც ეს ჯგუფები და დაადასტურებენ კიდევ ერთხელ იმას, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს პატრიოტმა მოქალაქემ ხმა მისცეს სალომე ზურაბიშვილს და რატომ უნდა მოვიდეს ყველა და ხმა მისცეს ოპოზიციის გამარჯვებულ კანდიდატს.

თუ გუნდისთვის მისაღებია პატრიოტთა ალიანსის და ქართული მარშის მსგავსი ჯგუფების მხარდაჭერა, მაშინ შენც მათი წარმომადგენელი ხარ. თუ არ ემიჯნება მათ, მაშინ ქართული მარშის, პატრიოტთა ალიანსის და პროპუტინული ძალების ლიდერად თვითიდენტიფიცირებას ახდენს ქართული ოცნება და სალომე ზურაბიშვილი. მინდა ვთხოვო მედიას, სადაც შანსი ექნებათ, ეს კითხვა დაუსვან მათი გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს“ - თქვა ბოკერიამ.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის განცხადებით, ისინი ამომრჩევლების მოწოდებას, მეორე ტურში რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ, ამ ეტაპზე არ აპირებენ. თუმცა, მათი თქმით, პატრიოტთა ალიანსის მიზანია, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს. ამის გამო, პარტიის განცხადებით, "გარკვეულწილად, "ოცნების" კანდიდატის მხარდამჭერი მაინც გამოვდივართ”.

რაც შეეხება ქართულ მარშს, ნეონაცისტური ორგანიზაცია სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, თუმცა, გარკვეული დათქმებით. სანდრო ბრეგაძის თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა გაიწვიოს მარიხუანის კულტივაციის კანონი და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

კომენტარები