არჩევნები 2018

ბოკერია: ვმონაწილეობთ არჩევნებში გამარჯვებისთვის ზურაბიშვილისა და ივანიშვილის წინააღმდეგ

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ის პარტიები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს მხარს არ დაუჭერენ, მძიმე შეცდომას უშვებენ.

"მინდა წუხილი გამოვთქვა, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც ჩვენზე მცირე მხარდაჭერა ჰქონდათ, მაგრამ მაინც წარმოადგენდნენ ოპოზიციურ სპექტრს, რომლებსაც მოვუწოდეთ, რომ შემოგვერთებოდნენ ჩვენ პირველი ტურში გამარჯვებული კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაში, ეს არ მოისურვეს. ჩვენ მოვისმინეთ შალვა ნათელაშვილისა და დავით უსუფაშვილის განცხადებები და ეს ყველა სტანდარტით არის მძიმე შეცდომა. ჩვენ გვსურდა, რომ ამ ხალხთან ერთად გვემუშავა ამომრჩევლებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხის ამომრჩევლების დიდი ნაწილი მეორე ტურში ხმას მიცემს ბიძინა ივანიშვილისა და მისი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად", - თქვა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ მეორე ტურში ევროპული საქართველო "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. 

"რადგან პოლიტიკური ძალებიდან ჩვენ დავრჩით, ვისი კანდიდატიც მონაწილეობდა ამ არჩევნებში, ჩვენ პირდაპირ ვითანმშრომლებთ იმ გუნდთან, რომელიც არსებობს ნაციონალურ მოძრაობასთან და გაერთიანებულ ოპოზიციასთან. ჩვენ ეს მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს ჩვენი პარტიული გუნის შიგნით, დღეს გვექნება პოლიტსაბჭო და ჩვეულებრივად ვმონაწილეობთ ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის, სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როგორც უკვე გითხარით, პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს და გვექნება კიდევ უფრო მჭიდრო პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატის შტაბთან. 

მეორე ტურში პროდასავრული ოპოზიციისა და კერძოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის შესახებ ჩვენ განვაცხადეთ წინასწარ, ოთხი თვის წინ და ბევრჯერ გავიმეორეთ, რომ თუნდაც ბევრ ფუნდამენტურ საკითხში ჩვენთვის მიუღებელ პოლიტიკური ძალის კანდიდატთან, თუ ის პროდასავლურია ვიქნებით მათ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ", - თქვა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები