არჩევნები 2018

რას პასუხობს ქუცნაშვილი ივანიშვილის მოწოდებას, რომ გუნდის წევრებმა არ "იკეკლუცონ"

პარლამენტი

გუშინ, 23 ოქტომბერს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა გუნდის წევრებს მოუწოდა, "ნუ კეკლუცობენ" და "კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ".

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვისაც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ამ დრომდე არ დაუფიქსირებია, ზაქარია ქუცნაშვილია. მისი აზრით, თუ პარტიას თავისი კანდიდატი არ ეყოლებოდა, ჯობდა საერთოდ არ ჩარეულიყო წინასაარჩევნო კამპანიაში და ეს ასპარეზი ოპოზიციისთვის დაეთმო. გარდა ამისა, ტაბულას კითხვას, უჭერს თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს, დეპუტატი არ პასუხობს და ამბობს, რომ ეს მისი საქმეა და სხვა არავის უფლება არ არის, ვის მისცემს ხმას არჩევნებში.

შესაბამისად, "კეკლუცობის" შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, ტაბულა ზაქარია ქუცნაშვილის პოზიციითაც დაინტერესდა. 

ტაბულა: თუ მოიაზრებთ საკუთარ თავს გუნდის იმ წევრებს შორის, ვისზეც საუბრობს ბიძინა ივანიშვილი? ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოზიცია თქვენ არ დაგიფიქსირებიათ...

ზაქარია ქუცნაშვილი: ეს სიტყვები ჩემთან მიმართებაში ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ ჩემი პოზიცია წინასწარ იციან ჩემმა მეგობრებმა, ბატონი ბიძინას ჩათვლით. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ არ ვარ ჩართული ამ საარჩევნო კამპანიაში.

ტაბულა: თქვენ ემხრობოდით პარტიის მხრიდან საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას. სავარაუდოდ, მსგავსი პოზიციის მქონე ადამიანებსაც გულისხმობდა გუშინ ივანიშვილი...

ზაქარია ქუცნაშვილი: არ ვფიქრობ, რომ მათ შორის მეც ვარ. მე ყოველთვის მიმაჩნია, რომ პატიოსანი თანამშრომლობა და მეგობრობა მდგომარეობს იმაში, რომ წინასწარ განაცხადო იმაზე, რასაც ფიქრობ და როცა პოზიცია წინასწარ იციან, აქედან გამომდინარე, სურვილიც რომ გქონდეს, ვერ იკეკლუცებ. კეკლუცობა იმ შემთხვევაშია, როცა, ვთქვათ, ინახავ ამას საიდუმლოდ, ელოდები რაღაც სანაცვლოს.

ტაბულა: გაქვთ ინფორმაცია, ვის შეიძლება გულისხმობდეს ივანიშვილი?

ზაქარია ქუცნაშვილი: მე ვფიქრობ, რომ გუნდის ყველა წევრი თავისუფალია, აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. ჩვენი გუნდის უპირატესობა სწორედ მაგაში მდგომარეობს, რომ ყველა ერთ ხმაში არ ვლაპარაკობთ და ყველა ერთნაირად არ არ ვფიქრობთ.

ტაბულა: თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მოგიწოდათ, რომ ამ შემთხვევაში ყველამ ერთნაირად "იფიქროთ" და ზურაბიშვილს დაუჭიროთ მხარი...

ზაქარია ქუცნაშვილი: აქ საუბარია იმ ხალხზე, ვისაც პარტიული თანამდებობა უკავია და საშტაბო მუშაობაში არიან ჩართული. როცა პარტიული თანამდებობა გიკავია და საშტაბო მუშაობაში ხარ ჩართული, რა თქმა უნდა, იქ უკვე არ გაქვს უფლება, რომ იკეკლუცო ან ნახევარი გულით იმუშაო. იქ უკვე ვალდებული ხარ, რომ პატიოსნად, სულით და გულით იმუშაო. როცა თანხმდები ასეთ თანამდებობაზე, ასეთ დროს წარმოგეშვება ადამიანური და პარტიული ვალდებულება.

ტაბულა: ვინ არის "ქართულ ოცნებაში" ისეთი, ვინც თანამდებობაზეა და კეკლუცობს, ან ნახევარი გულით მუშაობს?

ზაქარია ქუცნაშვილი: ვერ გეტყვით, არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან ამის თქმა

ტაბულა: სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით კონკრეტულად თქვენი რომელი პოზიცია იციან გუნდში?

ზაქარია ქუცნაშვილი: ჩემმა მეგობრებმა იციან ის, რაც უნდა იცოდნენ. არ ვაპირებ ამ პოზიციის გასაჯაროებას.

ტაბულა: არ უჭერთ ზურაბიშვილს მხარს?

​ზაქარია ქუცნაშვილი:​ მოდით, რაც გითხარით, იმით დავკმაყოფილდეთ, კარგი?

ტაბულა: ზურაბიშვილის მიმართ თქვენი პოზიციის მიზეზი შეიძლება იყოს მისი განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით?

ზაქარია ქუცნაშვილი: არ დავაკონკრეტებ ახლა, ჩემმა მეგობრებმა იციან ეს მიზეზები. ასე რომ, საიდუმლო არა მაქვს მე ჩემს მეგობრებთან არასდროს. მაგრამ ახლა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომ არ დაზარალდნენ ასევე ჩემი მეგობრები, ამის გამო თავს შევიკავებ კომენტარისგან.

კომენტარები