ქალზე ძალადობა

შსს: ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგო ამბობს, რომ თავისი ნებით გადაწყვიტა ოჯახის შექმნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგონა ამბობს, რომ მან თანასოფლელთან ოჯახის შექმნა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა. შსს-ს განცხადებით, არასრულწლოვანის მტკიცებით, "რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად". ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, გატაცებული გოგონა გუშინ, სოფელ ჯანდარაში იპოვეს. ის თავშესაფარში გადაიყვანეს, ხოლო არასრულწლოვნის ოჯახის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

უწყების ცნობით, 17 წლის გოგოს ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, მასთან მუშაობის პროცესში, ჩართეს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი, რომლებმაც არასრულწლოვნის გამოკითხვის რეკომენდაცია გასცეს. მას გაესაუბრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც.

"გამოკითხვა ჩატარდა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო თავისი თანასოფლელი - ს.ი. და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ს.ი.-მ და მისმა თანმხლებმა პირმა. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას, ასევე, განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან, მისი ამ  გადაწყვეტილების გამო, მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რასაც ამყარებდა მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებული სიტუაციით.

არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით და არსებული რეალური რისკების  გათვალისწინებით, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. ამჟამად ჰ.მ. გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს შსს.

პოლიციას 17 წლის შვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ მშობლებმა 12 ოქტომბერს მიმართეს. მათივე თქმით, დანაშაულს გატაცებულის უმცროსი და შეესწრო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. 

კომენტარები