ქალზე ძალადობა

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ტყიბულის მერიის თანამშრომელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლო
courts.ge

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტყიბულის მერიის თანამშრომელს, რომელსაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლზე ძალადობისთვის წარედგინა ბრალდება, 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურორის მითითებით, სასამართლომ სრულად არ დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა და ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა". - აღნიშნავს პროკურატურა.

ბრალდებული სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დღესვე დააკავეს და მის წინააღმდეგ შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით აღიძრა, რაც გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

კომენტარები