დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: შესაძლოა, ჯამალ ხაშოგი თვითნებურად მოქმედმა მკვლელებმა მოკლეს

დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა, არაბი ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი, რომელიც სტრამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარდა, "თვითნებურად მოქმედმა მკვლელებმა" მოკლეს. მან თქვა, რომ საუდის არაბეთის მეფე სალმანს ესაუბრა და მან კატეგორიულად უარყო ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობა:

"უარი კატეგორიული იყო. შესაძლოა, ეს თვითნებურად მოქმედმა მკვლელებმა ჩაიდინეს. ვინ იცის?" უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მანამდე CBS News-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ თუ ხაშოგის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მართალია ეს "საშინელი და ამაზრზენი" იქნებოდა და საუდის არაბეთი მკაცრად დაისჯებოდა, თუმცა სასჯელად სამხედრო კონტრაქტის გაუქმება გამორიცხა.

გუშინ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ საუდის არაბეთის მეფეს სალმან იბნ აბდულაზიზ ალ საუდის ესაუბრა და მასთან შესახვედრად სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გაგზავნის.

ამ დრომდე საუდის არაბეთი ხაშოგის გაუჩინარებასთან კავშირს უარყოფს და სანქციების დაწესების შემთხვევაში საპასუხო ზომებით იმუქრება.

CNN-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, საუდის არაბეთმა აღიაროს, რომ ჯამალ ხაშოგი დაკითხვისას შემოაკვდათ და ამასთანავე განაცხადოს, რომ ოპერაცია ხელისუფლების მიერ არ ყოფილა ავტორიზებული.

თურქი გამომძიებლები საკონსულოს შენობაში გუშინ შეუშვეს, თუმცა, მედიის მიხედვით, მანამდე საკონსულოში დამლაგებელთა ჯგუფი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის მოქალაქე, ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისათვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.

საკონსულოში ვიზიტამდე მან საცოლეს დაუბარა, რომ თუ რამდენიმე საათში არ დაბრუნდებოდა თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებისათვის შეეტყობინებინა.

ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი იემენში საუდის არაბეთის კოალიციის მოქმედებებისა და ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგეთა რეპრესიის საკითხებზე და გასულ წელს ქვეყნის დატოვებაც სწორედ ამიტომ მოუხდა.

თურქეთის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს. მათი თქმით არსებობს ვიდეო და აუდიო მასალა, რომელიც საკონსულოში ხაშოგის ცემას, მკვლელობას და გვამის დანაწევრებას ადასტურებს.

იმავე დღეს, როდესაც ხაშოგი გაუჩინარდა საუდის არაბეთის 15 მოქალაქე, მათ შორის ოფიციალური პირები, სტამბოლში 2 თვითმფრინავით ჩავიდნენ და საკონსულოში იმყოფებოდნენ. მათ ქვეყანა მალევე დატოვეს. ამის ამსახველი კადრები თურქულ მედიაშიც გავრცელდა. ამჟამად იკვლევენ მათ კავშირს ხაშოგის გაუჩინერებასთან.

გამოძიებით დადგინდა, რომ 9 მათგანი სტამბოლში კერძო თვითმფრინავით რიადიდან ჩაფრინდა. საუდის არაბეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო "ალ-არაბია" წერდა, რომ ისინი ტურისტები არიან.

ჟურნალისტის გაუჩინარების გამო რიადში 23 ოქტომბერს დაგეგმილ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობაზე უარი თქვეს Google-მა, JP Morgan-მა, Ford-მა, Uber-მა და მსოფლიო ბანკის დირექტორმა.

კომენტარები