დონალდ ტრამპი

ტრამპი: კლიმატის ცვლილება მოგონილი არაა, მაგრამ მეცნიერებს პოლიტიკური მოტივები აქვთ

დონალდ ტრამპი
AFP

CBS News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კლიმატის ცვლილება შესაძლოა "შემობრუნდეს" და მეცნიერები პოლიტიკურად მოტივირებულები არიან ამ საკითხზე საუბრისას.

"ვფიქრობ რაღაც ხდება. რაღაც იცვლება, მაგრამ ის უკან დაბრუნდება. არ ვფიქრობ, რომ ეს მოგონილია. ვფიქრობ, არის განსხვავება. მაგრამ არ ვიცი ეს ადამიანების მიერ არის გამოწვეული თუ არა. ამას ვიტყვი: არ მინდა მილიარდობით დოლარის გაფლანგვა. არ მინდა მილიონობით დოლარის სამუშაოების დაკარგვა." თქვა მან.

დონალდ ტრამპს გლობალური დათბობის რეალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ ადრეც დაუყენებია. 2017 წელს მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"აღმოსავლეთ სანაპიროზე ისტორიაში ყველაზე ცივი ახალი წელია. გლობალური დათბობა გამოგვადგებოდა ახლა რომლისგან თავის დასაცავად ჩვენს ქვეყანას, და არა სხვა ქვეყნებს, მილიარდობით დოლარი უნდა დაეხარჯა!"

ტრამპის თქმით კლიმატის მკვლევარ მეცნიერებს პოლიტიკური მოტივები აქვთ, როდესაც გლობალურ დათბობაზე პასუხისმგებლობას კაცობრიობას აკისრებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კლიმატის ცვლილებაზე სახელმწიფოთაშორისმა პანელმა (IPCC) დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კლიმატის ცვლილება ადამიანების მიერ არის გამოწვეული და ტემპერატურის ბუნებრივ ზრდას ადამიანების აქტივობაც აძლიერებს, რამაც შესაძლოა შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს.

დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ-მა პარიზის შეთანხმება კლიმატის შესახებ დატოვა.

კომენტარები