დონალდ ტრამპი

ტრამპი: თუ დამტკიცდება, რომ ჟურნალისტი მოკლეს, საუდის არაბეთი მკაცრად დაისჯება

მუჰამედ ბინ სალმანი და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში
Businessinsider

CBS News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მართალია ეს "საშინელი და ამაზრზენი" იქნებოდა:

"ჩვენ ბოლომდე გამოვიძიებთ და მკაცრი სასჯელი იქნება. ამ დროისათვის ისინი [საუდის არაბეთი] კატეგორიულად უარყოფენ. შეიძლება ეს მათ ჩაედინათ? დიახ." თქვა მან.

თუმცა ტრამპმა საუდის არაბეთის დასასჯელად სამხედრო კონტრაქტის გაუქმება გამორიცხა. მისი თქმით მსგავსი ქმედება ჩინეთისა და რუსეთის ინტერესებში იქნებოდა და საუდის არაბეთის დასასჯელად სხვა გზებიც არსებობს:

"არ მინდა საფრთხე შევუქმნა სამუშაო ადგილებს და ასეთი შეკვეთა დავკარგო." თქვა ტრამპმა.

საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის 12.5 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღების ყიდვის თაობაზე შეთანხმება მიმდინარე წელის მარტში თეთრ სახლში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის ვიზიტისას შედგა.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის მოქალაქე, ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისათვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.

საკონსულოში ვიზიტამდე მან საცოლეს დაუბარა, რომ თუ რამდენიმე საათში არ დაბრუნდებოდა თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებისათვის შეეტყობინებინა.

ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი იემენში საუდის არაბეთის კოალიციის მოქმედებებისა და ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგეთა რეპრესიის საკითხებზე და გასულ წელს ქვეყნის დატოვებაც სწორედ ამიტომ მოუხდა.

თურქეთის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს. მათი თქმით არსებობს ვიდეო და აუდიო მასალა, რომელიც საკონსულოში ხაშოგის ცემას, მკვლელობას და გვამის დანაწევრებას ადასტურებს.

საუდის არაბეთი და საკონსულოს წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ.

იმავე დღეს, როდესაც ხაშოგი გაუჩინარდა საუდის არაბეთის 15 მოქალაქე, მათ შორის ოფიციალური პირები, სტამბოლში 2 თვითმფრინავით ჩავიდნენ და საკონსულოში იმყოფებოდნენ. მათ ქვეყანა მალევე დატოვეს. ამის ამსახველი კადრები თურქულ მედიაშიც გავრცელდა. ამჟამად იკვლევენ მათ კავშირს ხაშოგის გაუჩინერებასთან.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით როდესაც გაირკვევა, თუ რა შეემთხვა ხაშოგის, მთავრობებმა უნდა გადაწყვიტონ დაესწრებიან თუ არა საუდის არაბეთის დედაქალაქში მიმდინა თვეს დაგეგმილ ინვერტირების ფორუმს. ფორუმზე დასწრებაზე უარი უკვე თქვა მსოფლიო ბანკის დირექტორმა ჯიმ კიმმა.

კომენტარები