ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

შსს: მონიტორინგის დანერგვის შემდეგ შემაკავებელი ორდერის დარღვევები შემცირდა

www.geo.tv

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უწყებამ რისკის შეფასების ინსტრუმენტი აამოქმედა, შემაკავებელ ორდერების დარღვევის მაჩვენებელი შემცირდა. შსს-ს მოჰყავს 2017 წლის ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც, მათი თქმით, 9% იყო. უწყებამ ეს მონაცემი მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემს შეადარა, როცა ახალი მექანიზმი უკვე ამუშავებული იყო. შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბრის თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები იყო 4%. ამ მონაცემების საფუძველზე, უწყება ამბობს, რომ მაჩვენებელი 9-დან 4%-მდე შემცირდა.

გარდა ამისა, შსს-ს ავრცელებს ოჯახში ძალადობის კუთხით სტატისტიკასაც. მათი ინფორმაციით:

  • 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 4 339 საქმეზე;
  • 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 3000-მდე პირის მიმართ;
  • 2017 წელს გამოცემულ იქნა 4370, 2018 წელს კი - 5472 შემაკავებელი ორდერი.

შსს-ს ინფორმაციითვე, რისკის შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, პოლიციის 10 000-მა თანამშრომელმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარა, ხოლო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, აგრეთვე, დისკრიმინაციული დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციისა და გადამზადების პროცესი ამჟამადაც გრძელდება.

ამ მონაცემებზე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს ისაუბრეს, რომელიც მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მისი თქმით, ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული პროგრესი აქვთ.

"ამ დეპარტამენტის ფუნქციებად ჩვენ მაშინ გამოვკვეთეთ: ქალთა მიმართ ძალადობის, ყველა სახის სიძულვილით და დისკრიმინაციის საფუძველზე დანაშაულის, არასრულწლოვანთა მიმართ და არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულის და სხვა სახის დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულით პრევენციის და მათი გამოძიების ხარისხის ამაღლება. ეს გახლავთ კრიტიკული მნიშვნელობის თემა ჩვენთვის, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამას აქვს სამოქალაქო-სოციალური დატვირთვაც. ეს უბრალოდ ჩვენი საზოგადოების განვითარების დონეს მიანიშნებს. ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით ვთქვათ, რომ დღეს ამ მიმართულებით გვაქვს საკმაოდ სერიოზული პროგრესი", - თქვა გიორგი გახარიამ.

მან ვრცლად ისაუბრა დეპარტამენტის შესახებ და აღნიშნა, რომ ვერანაირ წარმატებას ვერ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვის არსებული სტანდარტი არ შენარჩუნდა და არ ამაღლდა.

"ძალიან მკაფიოდ და კარგად გვესმის, რომ არანაირ წარმატებებს, ვერანაირ მიღწევებს კრიმინალთან ბრძოლაში ვერ ექნება ფასი ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ადამიანის უფლებების დაცვის ის სტანდარტი, რომელიც დღეს გვაქვს. რაც მთავარია, ჩვენ ეს სტანდარტი უნდა ავამაღლოთ. ამიტომ, წინაპირობა როგორც სხვა ყველა რეფორმის დაწყების და შედეგების მიღწევის - ჩვენ შევქმენით ეს დეპარტამენტი და ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული ნაბიჯი", - თქვა მინისტრმა.

კომენტარები