მოგზაურობა

ქუთაისი-ვენა - 11 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ავსტრიას შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება

www.lonelyplanet.com

11 ოქტომბერს ქუთაისსა და ავსტრიას შორის ავია მიმოსვლა დაიწყება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.

პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 07:25 წუთზე შესრულდება. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას იქნება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები სრულდება.

"გრძელდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის განვითარება. ქუთაისის აეროპორტმა ამიერკავკასიის საავიაციო ბაზარზე თავისი ნიშა დაიმკვიდრა. აეროპორტს დაემატა ახალი სერვისები, გაიზარდა დამატებით კომერციული ფართებისა და კვების ობიექტების რაოდენობა, საგრძნობლად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს ახალ ავია მიმართულებებზე. 11 ოქტომბერს ჩვენი აეროპორტიდან ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის - ვენის მიმართულებით დაიწყება პირდაპირი ავია მიმოსვლა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ავიაკომპანია "ვიზ ეართან" 6 წლიანი ნაყოფიერი და საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ახალ მიმართულებებს ეტაპობრივად ამატებს. რამდენიმე ქვეყანასთან საქართველომ პირველად დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში მგზავრობა ხელმისაწვდომი გახდა", - ამბობენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი თვითმფრინავი 11 ოქტომბერს, 15:00 საათზე დაეშვება. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა გაიმართება.

კომენტარები