რუსული ოკუპაცია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მაია ოთინაშვილი მოინახულა

International Committee of the Red Cross Georgia • წჯსკ საქართველო

3 ოქტომბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში მოინახულა, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ორგანიზაციამ გაავრცელა.

"საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაკავებულ პირებთან ვიზიტების მიზანია დააკვირდეს დაკავების პირობებს და უზრუნველყოს მათთვის ოჯახებთან კომუნიკაციის აღდგენა. ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, გამომდინარე დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების ინტერესებიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ტაბულას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში უთხრეს, რომ მათ არ აქვთ უფლება დაკავებულის მდგომარეობის შესახებ გაავრცელონ დეტალები. ორგანიზაციის ცნობით, მაია ოთანაშვილის ოჯახს გადასცეს დაკავებულის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია. გატაცებულის მეუღლე ამბობს, რომ ოთანაშვილს დაზიანებები არ აღენიშნება.

სახალხო დამცველის თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია დაკავებულის ზოგადი მდგომარეობის და უსაფრთხოების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს. 2 ოქტომბერს, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ასევე "ბრალად ედება" თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების "საზღვრის უკანონო გადაკვეთაში" დახმარება.

კომენტარები