სვეტი

სამშენებლო კომპანია "სვეტის" დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

სამშენებლო კომპანია "სვეტის" დირექტორი გივი ჯიბლაძე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს.

რუსთავი 2-ის ცნობით, გივი ჯიბლაძე დღეს, საკუთარი სახლიდან აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "სვეტს“ ნებართვის გარეშე მშენებლობების გამო, მერიამ ყველა ობიექტის მშენებლობის უფლება შეუჩერა. შედეგად, კომპანიამ სახლები ვერ ააშენა და ამ დროისთვის, მას ათეულობით ადამიანის დავალიანება აქვს. გამოძიება სწორედ საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი თანხების სავარაუდო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. დაზარალებული მენაშენეები დახმარებას რამდენიმე თვეა, ითხოვენ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ "სვეტს" სერიოზული დარღვევები აქვს.

"უკანონოდ ახორციელებდნენ მშენებლობას. ჩვენ არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში უკანონო მშენებლობები განახორციელონ. ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა" - ამბობდა კალაძე.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ "ნებართვების თვალსაზრისით" ყველაფერი გააკეთა.

"დავეხმარეთ ყველანაირად, მაინც მშენებლობას ვერ ახერხებს, ვერ ასრულებს პროექტებს. პარალელურად დაწყებულია გამოძიება, ჩვენ შევხვდით საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, სულ გვაქვს კონტაქტი ამ ადამიანებთან და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა ჩვები კომპეტენციის ფარგლებში. როცა შესაბამისი სამსახურები დაასრულებენ საგამოძიებო პროეცესებს და შეგვეძლება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ სვეტის პროექტები დავასრულოთ და არ დარჩეს არც ერთი დაზარალებული ადამიანი. ხალხია უცხოეთშია წასული, შრომობენ, წვალობენ და იქიდან გადმორიცხული თანხებით შეისყიდეს ბინები და დღესაც გაურკვეველია, რა ბედი ეწევა" - აცხადებდა თბილისის მერი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სვეტი დეველოპმენტიდან“ ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

კომენტარები