დონალდ ტრამპი

ტრამპი გაეროში გამოსვლაზე: მე არ დამცინოდნენ, ჩემთან ერთად იცინოდნენ

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ გენერალურ ასამბლეაზე მას კი არ დასცინეს, მასთან ერთად იცინეს.

"ძალიან პროფესიონალი ხალხის დიდი ჯგუფის წინაშე გამოვედი, რომელთა უმეტესობა სხვა ქვეყნებიდანაა ან გაეროს წარმოადგენს, ხალხი, რომლებსაც ტაშის დაკვრა, აპლოდისმენტები და ღიმილი არ სჩვევიათ, და მე ფაჩუნი გავიგონე დარბაზში როდესაც ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე. ეს მართალია. მე გავიგონე ფაჩუნი და ვთქვი, რომ ეს მართალია. და გავიგონე სიცილი. მე ვთქვი, რომ არ ვიცოდი რომ ასე იქნებოდა - ისინი მე არ დამცინოდნენ, ისინი ჩემთან ერთად იცინოდნენ. ჩვენ გავერთეთ. ეს ჩემი დაცინვა არ იყო. ცრუ მედიამ თქვა, რომ ხალხი პრეზიდენტ ტრამპს დასცინოდა. ისინი მე არ დამცინოდნენ. ხალხმა ჩემთან ერთად კარგი დრო გაატარა. ისინი აფასებენ რაც გავაკეთე. აშშ-ს კვლავ აფასებენ." თქვა მან.

ტრამპმა მის მიერ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წამოყენებული ბრეტ კავანოც დაიცვა, რომელსაც სექსუალურ შევიწროვებაში უკვე სამი ქალი ადანაშაულებს.

მისი თქმით დემოკრატები დღეს ჯორჯ ვაშინგტონსაც კი არ მისცემდნენ ხმას.

"შესაძლოა მას [ჯორჯ ვაშინგტონს] ცუდი წარსული ჰქონდა. ვინ იცის? შესაძლოა, მის წინაარმდეგაც იყო ბრალდებები."

პრესკონფერენციაზე ტრამპმა ქურთ ჟურნალისტს "მისტერ ქურთი" უწოდა და თქვა, რომ ქურთები შესანიშნავი მებრძოლები არიან, აშშ-ს მათი მსხვერპლი არ დაავიწყდება და მხარში დაუდგება.

კომენტარები