ქართული ფეხბურთი

მასობრივი ფეხბურთის განვითარება - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვერცხლის ჯილდო მიიღო

GFF.GE

ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და მასში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უეფამ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამოარჩია და ვერცხლის ჯილდო გადასცა. ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მოყვარულთა ლიგა პროექტია, რომელმაც მოიპოვა მეორე ადგილი და საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელს პირველად მიიღო ვერცხლის ჯილდო მასობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის საუკეთესო პროექტის კონცეფციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ რეალობაში ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა არის აღმოსავლეთ ევროპის მთავარი გამოწვევა.

შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის სწორედ ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საფეხბურთო პირამიდის საყრდენი სწორედ მასობრივი ფეხბურთია და სწორედ ამ საფეხურიდან უნდა დავიწყოთ განვითარება.

უეფას ჯილდო დასტურია იმისა, რომ პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში", - აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ.

“მოყვარულთა ლიგის“ პროექტი, რომელმაც უეფას აღიარება დაიმსახურა, საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანი, ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

უეფას მასობრივი ფეხბურთის ჯილდო ეროვნულ ასოციაციებსა და ფედერაციებს 2010 წლიდან გადაეცემათ.

კომენტარები