კოგნიტური ნეირომეცნიერება

ცნობიერების პრობლემა და სიზმრების ევოლუცია - ინტერვიუ ანთი რევონსუოსთან

ანთი რევონსუო შვედეთის University of Skövde-ს კოგნიტური ნეირომეცნიერების და გონების ფილოსოფიის პროფესორია, მისი კვლევის ხაზია ცნობიერება, როგორც ბიოლოგიური ფენომენი და ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები. მას ტაბულას სამეცნიერო მიმომხილველი ზაზა დობორჯგინიძე ესაუბრა. 

რა არის ცნობიერების პრობლემის თანამედროვე, მეცნიერული განმარტება?

ესაა კითხვა: ტვინის რა მექანიზმები წარმოქმნის ჩვენს გრძნობას, რომ "მე ვარსებობ" ან ჩვენი განცდების სუბიექტურ სამყაროს: აღქმები, შეგრძნებები, ემოციები, აზრები და “მე”-ს გრძნობა, რომელსაც ყოველ მომენტში განვიცდით (რომელიც არის ჩვენი “ცნობიერება”!).

ნეირომეცნიერებამ უკვე არც ისე ცოტა რამ იცის იმის შესახებ, თუ ტვინის რომელი ნაწილებია აქტიურად ჩართული ცნობიერების განცდაში. პრობლემის ყველაზე რთული ნაწილია პასუხი კითხვაზე: როგორ ქმნის ტვინის აქტივობა სუბიექტურ განცდებს? ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს წარმოდგენა, თუ როგორ შეუძლია ტვინის ბიოლოგიურ აქტივობას ცნობიერ გრძნობებად გარდაქმნა.

რა არის თქვენი ახალი წიგნის “ცნობიერების საფუძვლების” მთავარი იდეა?

ეს წიგნი არის ზოგადი შესავალი ცნობიერების მეცნიერულ შესწავლაში. ესაა მეცნიერების ახალი დარგი, რომელიც მილენიუმის მიწურულს ჩამოყალიბდა, როდესაც ფსიქოლოგიამ, ფილოსოფიამ და  ნეირომეცნიერებამ ურთიერთქმედება და რთული კითხვების დასმა დაიწყო: როგორ ქმნის ტვინი ცნობიერებას? “ცნობიერების საფუძვლებში” მინდა ვაჩვენო, რომ ესაა მეცნიერების ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო (და შესაძლოა ყველაზე იდუმალი!) დარგი და ის ასევე მკაცრი მეცნიერული მიდგომით შეისწავლის ცნობიერების უცნაურ, შეცვლილ მდგომარეობებსაც, რომელთა შესახებაც ჩვეულებრივ მიიჩნევა, რომ მეცნიერების მიღმაა, ასეთებია ჰიპნოზი, სიზმრები და მისტიკური გამოცდილებები.

შესაძლებელია თუ არა ცნობიერება არაბიოლოგიურ სუბსტრატში?

ეს კითხვა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც ცნობიერების არსებული თეორიები ვერ თანხმდება. ცნობიერების ზოგიერთი თეორია (მაგალითად, ჯულიო ტონონის ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია) ამტკიცებს, რომ ცნობიერების ფუნდამენტური ბუნება ინფორმაციაა. თუ ეს მართალია, ცნობიერება არ არის მიბმული ტვინთან (ან ნებისმიერ სხვა ბიოლოგიურ სისტემასთან) არამედ შეუძლია არსებობა არაბიოლოგიურ მანქანაშიც, თუ ის ატარებს და ამუშავებს ინფორმაციას საკმარისად რთული გზებით და ფორმებით. ჩემი  მიდგომა (რომელსაც ბიოლოგიურ რეალიზმს ვუწოდებ და რომლის შესახებაც ჩემს წიგნში “Inner Presence” და სხვა სტატიებში მიწერია) კი  ამბობს, რომ ცნობიერება ფუნდამენტურად უფრო მაღალი დონის, ტვინში მიმდინარე ემერგენტული (Emergentism) ბიოლოგიური ფენომენია და მისი არსებობა მხოლოდ ტვინის მსგავს ბიოლოგიურ სისტემებშია შესაძლებელი.

რომლებია ცნობიერების მეცნიერული შესწავლის კარგი მეთოდები?

დღესდღეობით ბევრი ასეთი მეთოდი არსებობს. პირველ რიგში, თავად ცნობიერება უნდა აღივქვათ სერიოზულად და შევაგროვოთ მონაცემები, თუ რას განიცდიან ადამიანები სუბიექტურად. ჩვეულებრივ, ეს კეთდება ცნობიერების მეცნიერული კვლევის მონაწილეებისთვის იმის თხოვნით, რომ პერიოდულად და მკაფიოდ აღწერონ მათი განცდების ბუნება, მაგალითად: “გქონდათ თუ არა სიზმარი, სანამ გაიღვიძებდით?” “გთხოვთ აღწერეთ თქვენი სიზმრის ბუნება იმდენად დეტალურად, რამდენადად შესაძლებელია.” თუ ჩვენ გვინდა სიზმრების, აღქმის და ემოციების შესწავლა ჩვენ ვკითხულობთ “რა დაინახეთ” ან “ რა ემოცია იგრძენით” და ასე შემდეგ. ეს კითხვა გეგმაზომიერად უნდა დავსვათ იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია, ვიდრე გონებაში განცდა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია (როგორც წესი, ეს ლაბორატორიაში ხდება, სადაც მარტივია აკონტროლო თუ რას აღიქვამს სუბიექტი და რა ინფორმაციას გვაწვდის) რადგან ჩვენი მეხსიერება არაა სანდო, ჩვენ ვერ ვკითხავთ წარსული განცდების შესახებ ისე, რომ სწორი მონაცემები მივიღოთ.

ამრიგად, ამ ტიპის მონაცემები, უშუალო წარსულის ცნობიერების შინაარსის შესახებ, არის ნებისმიერი ცნობიერების მეცნიერულად შემსწავლელი დარგის საწყისი პუნქტი. ფსიქოლოგიაში ამას “განცდების სინჯის აღება” ეწოდება. შემდეგ, თუ ჩვენ გვინდა ცნობიერების საფუძვლების ტვინში გამოკვლევა, ამ დროს ტვინის აქტივობაც უნდა გავზომოთ. ამის გასაკეთებლად ბევრი მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ: (ელექტროენეცეფალოგრაფია (EEG), მაგნიტოენცეფალოგრაფია, (MEG) ფუნქციური მაგნიტური რეზონანსი(fMRI), პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET) და ასე შემდეგ) და ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ტვინის აქტივობის რა ასპექტი შეგვიძლია გავზომოთ თითოეული მეთოდით, ვინაიდან ყოველი მათგანი ტვინის აქტივობაზე დაკვირვების განსხვავებულ “ფანჯარას” წარმოადგენს და ტვინში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის აქტივობების მხოლოდ მცირე ნაწილს აჩვენებს. მაგრამ, თუ ჩვენ ვიპოვით კორელაციებს ტვინის აქტივობებსა და კონკრეტულ სუბიექტურ განცდებს შორის, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ პროგრესს ცნობიერების ნერვული მექანიზმების გაგებაში და რუკების შედგენაში (Brain Mapping).

რატომ გვესიზმრება სიზმრები?

სიზმრის ფუნქციის შესახებ ბევრი განსხვავებული თეორია არსებობს. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ სიზმრებს საერთოდ არ აქვთ ფუნქცია, ზოგი კი ამბობს, რომ სიზმარი არეგულირებს ჩვენს ემოციებს და აერთიანებს ჩვენს მეხსიერებას. თუმცა, არცერთი ეს თეორია მხედველობაში არ იღებს სიზმრების შინაარსს. რის შესახებაა ჩვენი სიზმრები სინამდვილეში,როგორია ჩვენი სიზმრის განცდები და სიზმრის ცნობიერება?

მე განვავითარე სიზმრის და ცნობიერების განსხვავებული ტიპის, ახალი თეორია, რომელიც განმარტავს სიზმარს, როგორც ვირტუალურ რეალობას, ან ჩვენი ტვინის მიერ ძილში სიმულირებულ სამყაროს. ეს თეორია მხედველობაში იღებს დიდი რაოდენობის მტკიცებულებებს იმის შესახებ თუ რა გვესიზმრება სინამდვილეში, როგორც ეს გამოავლინა სიზმრების შინაარსის კვლევებმა. სიზმრის ამ სამყარო-სიმულაციას ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს; ის მნიშვნელოვანი მოვლენების რეპეტიციას ატარებს, რათა ჩვენ მათთვის მოვემზადოთ.

ესაა სიზმრის ფუნქციის  შესახებ ჩემი საფრთხის-სიმულაციის თეორიის მოკლე შინაარსი. მასში დაგროვებულია ბევრი მტკიცებულება, ბევრი კვლევებისგან და მონაცემებისგან სიზმრების კვლევაში, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენ უნივერსალურად და რეგულარულად გვესიზმრება საფრთხის შემცველი, სახიფათო მოვლენები:

საფრთხის სიმულაციის თეორია (TST) (რევონსუო, 2000) ეყრდნობა ცენტრალურ იდეას, რომ სიზმრის და ღვიძილის ცნობიერება არიან მსგავსი სამყარო-სიმულაციები, ან ვირტუალური რეალობები, რომლებსაც ქმნის ტვინი. (რევონსუო, 2006)

სიზმრის განმავლობაში, სიმულაცია პირდაპირ არ იმართება სენსორული ინფორმაციის მიერ ისე, როგორც ეს ღვიძილის დროს ხდება. ამის ნაცვლად, სიზმრები იმ მოვლენათა სიმულაციას ქმნიან, რომლებიც მნიშვნელოვანია ღვიძილის დროს ჩვენი გადარჩენისთვის, რათა უკეთ მომზადებულები გავუმკლავდეთ მათ, როცა ეს მოვლენები მართლა მოხდება. ისე, როგორც მფრინავებს რეგულარულად უწევთ სიმულაციური თვითმფრინავის მართვა, სიმულაციურ ექსტრემალურ სიტუაციებში, საკმაოდ უსაფრთხო, მაგრამ საოცრად რეალისტურ ადგილში- პილოტის სიმულაციურ კაბინაში, რათა გაავარჯოშონ მათი უნარები და რეაქციები ფრენის დროს მომხდარ მოულოდნელ სიტუაციაში, ასევე სიზმრებიც გვაიძულებს გავიაროთ კოშმარული თავგადასავლები და უიღბლობები რეალისტურ, მაგრამ სრულიად უსაფრთხო ადგილას. თუმცა, ფრენის სიმულატორისგან განსხვავებით, სიზმრის სამყარო-სიმულაცია სრულიად გვავიწყებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ სიმულაციაში ვიმყოფებით. ჩვენ მოტყუებულები ვართ ისე, რომ სიზმარში მიმდინარე მოვლენებს სრული სერიოზულობით აღვიქვამთ და ვერთვებით გადარჩენის სტრატეგიებში ისე, თითქოს ჩვენი სიცოცხლე მართლაც მძიმე საფრთხეში იყოს.

საფრთხის სიმულაციის თეორია იღებს ევოლუციურ თვალსაზრისს სიზმრის ფუნქციაზე. იმის თქმა, რომ სიზმრებს აქვთ ფუნქცია ნიშნავს, რომ სამყარო-სიმულაციები, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში ძილის დროს მიმდინარეობს, როგორღაც ეხმარებოდა ადამიანის წინაპრებს, რომ გადარჩენილიყვნენ და განვითარებულიყვნენ ადამიანის ევოლუციის ისტორიის განმავლობაში. საფრთხის სიმულაციის სისტემის ბუნებრივი გადარჩევა მოხდა იმიტომ, რომ სახიფათო მოვლენებისთვის მზაობა ჩვენს გადარჩენას უფრო სავარაუდოს ხდიდა.

ევოლუციური თვალსაზრისი სიზმრების ფუნქციაზე ასევე გულისხმობს, რომ სიზმრები, როგორც ქმედითი სამყარო-სიმულაციის მექანიზმები,  მხოლოდ ადამიანებში არ გვხვდება, არამედ, სავარაუდოდ, საზიაროა ძუძუმწოვრების სხვა სახეობებისთვისაც, რომელთა ტვინი დაპროგრამებულია, რომ იმ  მოვლენათა სიმულაციები გააკეთოს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია შესაბამისი სახეობის გადარჩენისთვის.

ეს თეორია იმასაც გულისხმობს, რომ სიზმრების ფუნქცია დამოუკიდებელია ჩვენი უნარისგან, დეტალურად გავიხსენოთ, მოვახსენოთ და ინტერპრეტაცია გავუკეთოთ ჩვენს სიზმრებს - სიზმრების გახსენების ჩვენი უნარი მყიფეა და პატარა ბავშვებს და ცხოველებს არ შეუძლიათ შეგვატყობინონ ინფორმაცია მათი სიზმრების შესახებ; თუმცა მათ შეუძლიათ სიზმრების განცდა და სარგებლის მიღება მისი ფუნქციისგან.

საფრთხის სიმულაციის თეორია ასევე ხსნის, თუ რატომაა გაცხადებულობა (Lucidity), ჩვენი უნარი, რომ სიზმრის დროს ამოვიცნოთ სიზმარი, როგორც სიზმარი ამდენად იშვიათი და რატომაა ასე რთული მისი შენარჩუნება: გაცხადებულობა (Lucidity) წესი რომ ყოფილიყო და არა გამონაკლისი, ეს გაანადგურებდა სიზმრების ძალას - გაგვაძლიეროს უსიამოვნო და სახიფათო სიტუაციებში გადარჩენის რეპეტიციებით.

როდესაც გაცხადებული სიზმარი (Lucid Dream) გვესიზმრება, ჩვენ შეგვიძლია უგულებელვყოთ, დავაკვირდეთ ან ვისიამოვნოთ კიდეც იმ ურჩხულებით და უიღბლობებით, რომლებიც ჩვენს გზაზე დაგვხვდება. საფრთხეების და გადარჩენის უნარების ეფექტური სიმულაციისთვის აბსოლუტურად აუცილებელია, რომ სრულიად გადაგვავიწყდეს ნამდვილი ვითარება.


სახელგანთქმულმა ნევროლოგმა, მაიკლ გაზინაგამ, თავის ახალ წიგნში “ცნობიერების ინსტინქტი” ივარაუდა, რომ უწყვეტი ცნობიერების განცდა, ან ცნობიერების ნაკადი შესაძლოა ილუზია იყოს  და ცნობიერება უფრო ჰგავს ადუღებული წყლის ბუშტუკებს. როგორ გამოიყურება ცნობიერება თქვენი თვალსაზრისით?

შესაძლოა გაზინაგა უფრო საუბრობდეს ჩვენს თვით-ცნობიერებაზე, ცნობიერების უფრო მაღალ ტიპზე, რომელიც დამოკიდებულია ენაზე და დროშია განვრცობილი. მე ვეთანხმები, რომ უმაღლესი ტიპის თვითცნობიერება ჩვენს მიერვე და ჩვენთვისაა შექმნილი, იმ ამბის შეთხზვით,  თუ ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვედით ჩვენს ცხოვრებაში და საით მივამართებით მომავალში.

ამგვარად, თვითცნობიერების განცდა დროშია განვრცობილი, არის შეთხზული და ნაპრალოვანი; სინამდვილეში არ არსებობს ნამდვილი უწყვეტი “მე”, რომელიც დროში მოგზაურობს. მაგრამ ცნობიერების ძირითადი დონე, რომელსაც მე “ფენომენალურ ცნობიერებას” ვეძახი არის ჩვენი მომენტიდან მომენტამდე არსებული არსებობის გრძნობა, ესაა ფაქტი, რომ არის რაღაც თუ როგორია ვარსებობდე, ვიყო ცოცხალი, ზუსტად ამ მომენტში.

ამ გრძნობას აქვს თვისებები, სუბიექტური ბუნების რომლებიც მარტო მე შემიძლია ვიგრძნო. სხვა ვერავინ შემოვა ჩემს ცნობიერებაში და ვერცერთი ტვინის გამოსახვის ან გაზომვის მეთოდი ვერ აღბეჭდავს არსებობის ჩემ განცდას. ჩვენ ყოველთვის ვცხოვრობთ მოცემული აწმყო ცნობიერი მომენტის “ახლა”-ში და ეს ყველაზე დიდი ფილოსოფიური და მეცნიერული ამოცანაა: როგორ ქმნის ფიზიკური, ბიოლოგიური ტვინი ამ გრძნობას არსებობის შესახებ, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს.

კომენტარები