თავდასხმა ზურაბ ვარდიაშვილზე

ქარტია პროკურატურას: დაუყოვნებლივ მიანიჭეთ ვარდიაშვილს დაზარალებულის სტატუსი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, "შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და დაუყოვნებლივ მიანიჭოს ზურა ვარდიაშვილს 
დაზარალებულის სტატუსი, რადგან სახეზეა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ცნობილია დაზარალებული და სავარაუდო დამნაშავეები. 

ქარტია აცხადებს, რომ დაზარალებულის სტატუსი ვარდიაშვილს და მის ადვოკატს საშუალებას მისცემს გაეცნონ საქმის მასალებს, რაც უზრუნველყოფს როგორც მისი ინტერესების სრულყოფილად დაცვას, ასევე, დააკმაყოფილებს საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს იცოდეს, უკავშირდება თუ არა ლიბერალის რედაქტორზე თავდასხმა მის პროფესიულ საქმიანობას. 

ლიბერალის რედაქტორს თავს შაბათს დაესხნენ ზურა ვარდიაშვილს​, დაახლოებით 20:30-ზე, თავს 5-6 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ორგანიზებულად დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ლიბერალის ცნობით, თავდამსხმელების იდენტიფიცირება პოლიციამ შეძლო, თუმცა, ისინი არც დაუკითხავთ. 

როგორც ვარდიაშვილი ლიბერალთან ყვება, თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი მანქანით დაინტერესდნენ და მის სანახავად მიდიოდნენ. ვარდიაშვილმა მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული.

„როგორც ჩანს, ეს იყო ადგილსამყოფელის დადგენის მიზეზი. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი - ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური - „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ", - ამბობს ვარდიაშვილი. 

შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს, რომლებმაც თავად დარეკეს პოლიციაში. ვარიდიაშვილის თქმით, მას პოლიციაში ეკითხებოდნენ, "ლიბერალი" ვინმეს ბიზნესს ხომ არ შეხებია. ვარდიაშვილმა მათ აუხსნა, რომ „ლიბერალი" უამრავ თემაზე წერს და ასე კონკრეტულად მოტივის დადგენა მას თავად უჭირს

ლიბერალი წერს, რომ მოგვიანებით ვარდიაშვილს პოლიციამ აუხსნა, რომ თავდამსხმელები მას სხვა პირის ნაცვლად, შეცდომით გაუსწორდნენ - ის ეგონათ ადამიანი, რომელმაც 14 სექტემბერს "კარფურში" იჩხუბა და რომელმაც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები