კრიმინალი

ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

flickr.com

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტზე, ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში, ზ.თ.-მ სრულიად უმიზეზოდ, გულმკერდის არეში დანის დარტყმით, თანასოფლელ ს.ს.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, ს.ს.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 2018 წლის 11 თებერვალს ქალაქ ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, (ხულიგნური ქვენა გრძნობით, სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები