განათლების რეფორმა

ბატიაშვილი: ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა, 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმა წარადგინა. 

მინისტრის თქმით, აღნიშნული რეფორმა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას განათლების ყველა მიმართულებისთვის - სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

ბატიაშვილის თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებული სწრაფი დასაქმების მოქნილ მოდელზე გადასვლაა, რაც მოკლევადიანი გადამზადების სისტემის შექმნას გულისხმობს. ამ ამოცანის შესრულება კი შესაძლებელი გახდება მხოლოდ კერძო სექტორის მონაწილეობით და სამუშაო რესურსების მოთხოვნა-მიწოდების მაქსიმალური უზრუნველყოფით.

მისი პირველი ეტაპი, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდას კიდევ 13 მუნიციპალიტეტში.

პროფესიული განათლების რეფორმა ითვალისწინებს 2019-2022 წლებში პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდასაც. 

მისი თქმით, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეც. მასწავლებელი; 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.

მინისტრი ამბობს, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმას და უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს - სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისაც არაერთი პროექტი განხორციელდება.

მინისტრი ეროვნული გამოცდების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოხდება არსებული სისტემის შეფასება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. შესაბამისად, სისტემის ახალი მოდელის დანერგვა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

მინისტრის თქმით, ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაცია უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა იქნება. შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, მოხდება განათლებისა და მეცნიერების სისტემების ინტეგრაცია, დაიგეგმება სპეციალური პროგრამები უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად. უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსება გადავა ახალ მოდელზე.

რეფორმის მეორე ეტაპი 2020-2023 წლისთვის განხორციელდება, რა დროსაც დაინერგება საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამები, ხოლო უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელების შედეგად, 50 ათასი სტუდენტით გაიზრდება.

 

 

 

კომენტარები