არჩევნები 2018

მმართველი გუნდი 9 სექტემბერს დაასახელებს, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში

1-ლი არხი

ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას მიიღებს. პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უკვე დანიშნულია - ის ქართული ოცნების ოფისში 9 სექტემბერს, კვირას, 17:00 საათზე გაიმართება. 

მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი არ ყავს, თუმცა, პარტიის წევრებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდნენ. 

ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ეს მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვიერი არ იქნება და ის ფინანსურსაც მოიცავს. 

“მხარდაჭერა იქნება ფართო, მათ შორის ჩვენი წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება. რაც შეეხება დაფინანსებას, იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომელიც წარიმართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ შექმნილ ფონდში. ეს იქნება ჩვენი მხარდაჭერა, "- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, არჩევნებში მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

„იქიდან გამომდინარე, რა რეალობაცაა ჩამოყალიბებული, მე არ ველოდები დიდ გადახრას წინა არჩევნების შედეგებიდან და თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის", -ამბობს კობახიძე. 

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა რეგისტრაცია ცესკოში 8 სექტემბერს, 18 საათზე სრულდება. 

კომენტარები