გამომცემლობებმა განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

ელფის გამომცემლობა

გამომცემლობები “ტრიასი” და “ელფი” განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ. მიზეზი უწყების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც მათ მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებს მინიჭებული გრიფი ჩამოერთვათ.

ტრიასს პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო ჰქონდა მომზადებული, ელფს კი - პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მათემატიკის სახელმძღვანელოები.

გამომცემლობების ხელმძღვანელების თქმით, მათ მიერ დაწყებითი კლასებისთვის შემუშავებულმა წიგნებმა გრიფირების ყველა ეტაპი გაიარეს, უმაღლესი ქულებიც მიენიჭა და გრიფიც მიიღო, თუმცა, უწყებამ გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა.

წიგნებისთვის გრიფის მინიჭების პროცესს რამდენიმე ეტაპი აქვს:

  • შემდგენლები სახელმძღვანელოებს სამინისტროში ელექტრონულად წარადგენენ
  • გრიფირების კომისია, რომელიც სამინისტროს მიერ დაქირავებული სპეციალისტებისგან შედგება და რომლის წევრებიც დარგის სპეციალისტები და ფსიქოლოგები არიან, არჩევს და აფასებენ წიგნებს კრიტერიუმების შესაბამისად, სათანადო ქულებით
  • მესამე ეტაპზე მინისტრი ბრძანებით ანიჭებს გრიფს მოწონებულ სახელძღვანელოს, რის შემდეგაც გრიფირებული წიგნების სია ქვეყნდება

ტრიასის ხელძღვანელი, ირინე იაშვილი ამბობს, რომ მან სამინისტროსგან რამდენჯერმე მიიღო იმეილი შეტყობინებით, რომ მისი გამომცემლობის მიერ შედგენილ ქართული ენის და ლიტერატურის წიგნს გრიფი მიენიჭა  - პირველად 19 ივლისს და ამავე დღეს ის eschool.ge-ზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საიტზე გამოქვეყნდა - ბოლოს კი 4 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე. თუმცა, 17:00 საათზე შეატყობინეს, რომ ტექნიკური ხარვეზი მოხდა და სინამდვილეში ამ წიგნს გრიფი მინიჭებული არ აქვს.

“ისიც კი ვიცოდით, რა ტირაჟი უნდა დაგვებეჭდა წიგნი - 22 800 ეგზემპლარი.

1-ლ აგვისტოს ისევ გამოქვეყნდა ბრძანება, რომ ჩვენი სახელმძღვანელო არის გრიფირებული. ბოლო წერილი, რომელიც ელექტრონულ ფოსტაზე მაქვს მოსული, არის 4-ს რომ 5 წუთი აკლია, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენი სახელმძღვანელო არის გრიფირებული და 5 საათზე ცხადდება, რომ ელექტრონული ხარვეზი იყო და ჩვენი სახელმძღვანელო არის ჩახსნილი, იმ დროს, როცა ტირაჟიც კი ვიცოდით, რამდენი უნდა დაგვებეჭდა.

თუნდაც ტექნიკური ხარვეზი ყოფილიყო, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ვიღაც "აიტიშნიკს" შეეშალა - ამდენჯერ შეეშალა? სამჯერ ან მეტჯერ შემთხვევითობა როგორ შეიძლება იყოს”, - ამბობს ირინე იაშვილი.

სახელმძღვანელოების გრიფირებაზე ჯერ დადებითი, შემდეგ კი უარყოფითი პასუხი მიიღო ელფის გამომცემლობამაც, რომელმაც I-VI კლასის ჩათვლით მათემატიკის წიგნები შეადგინა.

გამომცემლობის ხელმძღვანელის, თინათინ დიდებულიძის თქმით, შედგენისას მათ გერმანული და ავსტრიული წიგნებით იხელმძღვანელეს.

“დღეს გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ამ წიგნებით სწავლობენ. გერმანელებმა ნება დაგვრთეს და ჩვენ ქართულ სტანდარტს შევუსაბამეთ.

გრიფი მოგვანიჭეს და 10 დღეში ჩამოგვართვეს, დაბალი დონეა და ვერ მიენიჭება გრიფიო, ამას წერენ. მაგრამ, ექსპერტების შეფასებით, პირველ ადგილზე ვართ. 100 ქულიდან გვაქვს 99 ქულა.  ეს არის სრულიად უკანონო - კომისიამ, რომელიც არც ვიცოდით, რომ შექმნილია, კრიტერიუმების გარეშე დაწერა ეს დასკვნა..

გრიფირების პროცესში თამაშის წესები თანდათან შეიცვალა. 1 წლის განმავლობაშ შევიცვალეთ სამი მინისტრ და ამ ხნის განმავლობაში რაღაცები მუდმივად იცვლებოდა”, - ამბობს თინათინ დიდებულიძე.

სამინისტროს პოზიცია
 

გრიფირების პროცესში ხარვეზები მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმაც აღიარა. როგორ ჩატარდა გრიფის მინიჭების პროცესი - ამას ახლა შიდა აუდიტი სწავლობს.

„ახალი მენეჯმენტის მოსვლის პირველივე დღიდან დავაფიქსირეთ ის ხარვეზები, რომელიც ამ სფეროში ხდება. ვფიქრობთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არის მნიშვნელოვანი ხარვეზები. პირველივე დღიდან აუდიტს დავავალეთ, რომ ეს საკითხი შეისწავლოს და დღესაც გამომცემლებთან ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულები არიან, სწავლობენ”, - თქვა ბატიაშვილმა 18 აგვისტოს.

აუდიტი მუშაობას დღემდე აგრძელებს და როგორც მინისტრმა თქვა, დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსთვის დაიდება.

კომენტარები