სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

კანონპროექტით, ყოფილ პრეზიდენტებს სახელმწიფო აღარ დაიცავს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებს სახელმწიფო აღარ დაიცავს. ეს ცვლილებასახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ კანონში შედის. 

კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია რომ ამ ცვლილებით, ისინი მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს "უფრო ოპტიმალურად გაანაწილებენ". უცნობია ნიშნავს თუ არა "ოპტიმალური განაწილება" საქართველოს ექსპრეზიდენტების უსაფრთხოებაზე ეკონომიის გაკეთებას. 

დღეს მოქმედი ნორმით პრეზიდენტებს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნებათ პერსონალური დაცვა. სიცოცხლის ბოლომდე ენიშნებათ დაცვა პრეზიდენტის ოჯახის წევრებსაც. 

მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილებებით, პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ სახელმწიფო დაცვა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მათთვის დაცვის დანიშვნა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში მოხდება. 

ამ გამონაკლისის დამტკიცების უფლება მხოლოდ მთავრობას ექნება და ის მხოლოდ შესაბამისი, რეალური საფრთხით უნდა იყოს დასაბუთებული.

ამასთანავე უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვა არ შეუნარჩუნდებათ, თუკი უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის გამო მოხდება.

2018 წლის მდგომარეობით, სდსს-ს ბიუჯეტი 55 მილიონ ლარს შეადგენს. მასში 3.6 ათასი ადამიანი მუშაობს. 

დღეის მდგომარეობით, სდსს-ს უმთავრესი დაცვის ობიექტები არიან:

  • საქართველოს პრეზიდენტი;
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
  • საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაური;
  • საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში.

დანარჩენ პირებს სახელმწიფო დაცვა მხოლოდ მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში ენიშნებათ. 

კომენტარები